ამერიკის სტუდენტურ ლიგაში კონფერენციის ჩემპიონატები დაიწყო. ჩვენი ყურადღება მიბყრობილია “ბიგ ისთის” კონფერენციისკენ, სადაც “სეტონ ჰოლ პირატსში” ასპარეზობს სანდრო მამუკელაშვილი. სანდროს სტატუსი გუნდში არის “ფრეშმენი”, რაც ყველაზე ახალგაზრდას ნიშნავს. მის წინ ამ თანმიმდევრობით არიან: “სოფმორები”, “ჯუნიორები” და “სენიორები”, რომლებიც ასაკითაც და სტუდენტურ ლიგაში გამოცდილებითაც გაცილებით წინ დგანან.
გუნდის ლიდერებიც “სენიორები” – ანხელ დეგადო, დეიზი როდრიგესი და ხადინ კარინგტონი არიან. სწორედ ამ კალათბურთელებმა ულიდერეს “სეტონ ჰოლს” “ბიგ ისთის” ჩემპიონატის პირველ მატჩში “კრეიტონის” წინააღმდეგ. როდრიგესმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო დელგადოსა და კარინგტონის ანგარიშზე 18-18 დაგროვდა და “სეტონ ჰოლმა” “კრეიტონს” 90:84 სძლია.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა. სანდრომ 1 სამქულიანის სროლა მოახერხა, მაგრამ ფარში ვერ მოათავსა. 10-გუნდიანი “ბიგ ისთის” კონფერენციის ჩემპიონატში პირველი ტურის მატჩები მოიგეს “ვილანოვამ”, “ქსავიერმა”, “ბატლერმა” და “პროვიდენსმა”. მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” შემდეგ მატჩს 1 იანვარს, შინ “სეინთ ჯონსის” უნიერსიტეტთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ “ბიგ ისთის” ჩემპიონატის დაწყებამდე, “სეტონ ჰოლმა” 14 მატჩი გამართა სხვადასხვა კონფერენციების გუნდებთან, საიდანაც 12 მოიგო. არასაკონფერენციო მატჩებში არაოფიციალური გამარჯვებული “ვილანოვა” გახდა, რომელმაც 13-დან 13 შეხვედრა მოიგო.
gbf.ge