ფეხბურთი

18:35 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვირაბის ბოლო სინათლის გარეშე

“მილანი” გუნდი არაა, მე – პრობლემა არ ვარ”. ეს სიტყვები ჯენარო გატუზოს ეკუთვნის, რომელიც “ატალანტასთან” (0:2) მარცხის შემდეგ წარმოთქვა.

ალბათ, ასეცაა და პრობლემა მთავარ მწვრთნელში და ამ შემთხვევაში, რინოში სულაც არ მდგომარეობს.

“მილანი” ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებულ ავადმყოფს გვაგონებს, რომლის ირგვლი მხოლოდ წარსულია. არადა, რა იმედებით აღსავსე ზაფხული იყო. ჩინური ინვესტიცია და საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერები. ახალწვეულები, რომელთაგანაც ახალ გარემოს ალღო ვერავინ აუღო.

მთავარი იმედი რაღა თქმა უნდა, ლეონარდო ბონუჩის უკავშირდებოდა. კაპიტნის საკმლავურიც დიდი ზარ-ზეიმით გადასცეს და... და ბონუჩი “როსონერში” ერთ ჩვეულებრვი ფეხბურთელად იქცა. თუმცა, ჯოხის მასზე გადატეხვაც არ იქნება სწორი. ფეხბურთი გუნდური სპორის სახეობაა და ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თანაც, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ფორმაციის და უსახო “მილანის” რიგებში ახლა ლეო მესი ან კრიშტიანუ რონალდუ რომ მიიყვანო, ისინიც გაფერმკრთალდებიან. ამიტომ, ბონუჩი გუნდის პრობლემა სულაც არაა. არანაკლები იმედი უკავშირდებოდა ანდრე სილვას. პორტუგალიის ნაკრებში ეს მართლაც საინტერესო ბიჭი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და “პორტუშიც” შედეგიანად ირჯებოდა. მაგრამ, რად გინდა? იტალიის ჩემპიონატში ერთი წრე მიილია და სილვას ჯერ გოლიც არ გაუტანია. საერთოდაც, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

ამათ ფონზე სხვებმა რომ ვერ გაამართლეს, სათქმელადაც არ ღირს – ჰაკან ჩალჰანოღლუ, რიკარდო როდრიგესი, ნიკოლა კალინიჩი და სხვები... “სან სიროზე” მხოლოდ სტვენა და ლანძღვა-გინება ისმის. “ატალანტასთან” რისხვის მთავარი სამიზნეები ჯიჯო დონარუმა და ნიკოლა კალინიჩი იყვნენ. 18 წლის კიპერი საერთოდაც, “როსონერის” ტიფოზებმა აითვალწუნეს და ალბათ მალე მილანში აღარ დაედგომება.

საოცარია, მაგრამ შარშან 18 ტურის შემდეგ “მილანი” ოთხეულისთვის იბრძოდა და თან, ზუსტად ერთი წლის წინ იტალიის სუპერთასიც მოიგო. და რა ხდება ახლა? შავ-წითლები მე-11 ადგილზე იმყოფებიან! ეს კი სრული კატასტროფაა. ამასობაში, გატუზო თავს დამნაშავედ არ გრძნობს და ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს. ამას კი, ასე ხსნის:

“მე ვარ “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მაგრამ პრობლემებს შორის ბოლო ვარ, ამიტომ გადადგომაზე არ ვფიქრობ. “მილანი” დღეს გუნდი არაა – არსებობს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური პრობლემები. უნდა გავხდეთ გუნდი და დავუშვათ ნაკლები შეცდომები. ამასთან, წარსულთან შედარებები უნდა დასრულდეს. ამჟამად კლუბს ახალი ხელმძღვანელობა და სხვა ფეხბურთელების ჰყავს. უნდა ვიფიქროთ მხოლოდ აწმყოზე, რომელიც სავსეა პრობლემებით და ერთად მოვძებნოთ ამ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზა”.

ისე, ძნელია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს არ დავეთანხმოთ. კი ბატონო, გვესმის, რომ ჯენარო მწვრთნელის რანგში დიდი ვერაფერია და აქამდეც ვესრად აჩვენა შედეგი, მაგრამ მედალს ხომ მეორე მხარეც აქვს?! უკვე რამდენი წელია “როსონერი” დაახლოებით ასე უღიმღამოდ და უგულოდ თამაშობს და რამდენი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ შედეგი უცვლელი დარჩა. ანუ, გამოდის, რომ ბატონი რინო რაღაცაში მართალია, როდესაც ამბობს, პრობლემა მე არ ვარო...

“მილანმა” სერია A-ს ბოლო ორ მატჩში გოლიც ვერ გაიტანა. თუ გუშინდელი მარცხი “ატალანტასთან” რაღაც ლოგიკას ექვემდებარებოდა (ბერგამოელებს ძალზე საინტერესო გუნდი ჰყავთ უკვე ზედიზედ მეორე სეზონია), აი, ერთი კვირის წინ, “ვერონასთან” განადგურება მართლაც თავზე ლაფის დასხმა იყო. გუნდთან, რომელიც მე-19 პოზიციაზე იმყოფება და გუნდთან, რომელმაც 18 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო. გარდა ამისა, “ვერონამ” ერთ თამაშში სამი გოლი მიმდინარე სეზონში ერთადერთხელ გაიტანა და ისიც ლომბარდიელებთან.

გატუზო მიიჩნევს, რომ გუნდს ხასიათი არ აქვს. და, ამაში სიმართლის მარცვალი მართლაც დევს. თუ “როსონერის” თამაშებს კარგად დავაკვირდებით, როდესაც გუნდი პირველ გოლს უშვებს, თამაშში ვეღარ ბრუნდება და პირიქით, მეტოქეებს ხელ-ფეხი უფრო და უფრო ეხსნებათ.

აშკარაა, რომ “მილანი” ძალიან სერიოზულადაა დაავადებული, თითქოს იმ გვირაბშია, რომლის ბოლოს სინათლე არ ჩანს...

0.112675