მიუნხენის “ბაიერნმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პირველი ფეხბურთელი დაიმატა. როგორც გერმანიის ჩემპიონის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, “ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი იანვრიდან “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს.
30 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. “რეკორდმაისტერში” ვაგნერი ლევანდოვსკის დუბლიორად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პოლონელმა რამდენჯერმე დაიჩივლა, შემცვლელი მჭირდება, დასვენება საერთოდ არ მიწევსო.
სანდრო ვაგნერი “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილია და 2007-2008 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 4 შეხვედრაც ამ გუნდის მაისურით ჩაატარა. თუმცა, მას შემდეგ სხვა გუნდებში უწევდა თამაში - “ვერდერი”, “კაიზერლსაუტერნი”, “ჰერტა”, “დარმშტადტი” და 2016 წლიდან “ჰოფენჰაიმი”.
მიმდინარე სეზონში ვაგნერმა ყველა ტურნირის ჩათვლით 17 თამაშში 6 გოლი გაიტანა. 30 წლის ფორვარდს გერმანიის ნაკრებში 7-ჯერ უთამაშია და 5 გოლი აქვს გატანილი.