იტალიური “მილანის” გულშემატკივრები ჯანლუიჯი დონარუმას წინააღმდეგ გამოდიან. მას შემდეგ რაც ბოლო დღეებში 18 წლის კიპერის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, “როსონერის” ტიფოზერიამ მის მიმართ აგრესია გამოავლინა.
იტალიის თასზე “ვერონასთან” მატჩის დაწყებამდე “მილანის” ტიფოზებმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს წარწერით:
“მორალური ძალადობაა 6 მილიონი წელიწადში და პარაზიტი ძმის ხელფასი? ახლავე წაეთრიე, ჩვენი მოთმინება ამოიწურა”.
ქომაგებმა ჯიჯოს თავისი ძმის ანტონიოს შესახებაც გადაუკრეს სიტყვა. მოგეხსენებათ, ზაფხულში, როდესაც დონარუმამ კლუბთან 2021 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი, “მილანმა” მისი უფროსი ძმა, ასევე მეკარე ანტონიო დონარუმა გაიფორმა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ ყოფილა: თამაშის დაწყებამდე, როდესაც სტადიონის კომენტატორი მასპინძელთა შემადგენლობას აცხადებდა, დონარუმას ხსენებას გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა...
18 წლის მეკარეზე როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა იმოქმედა. როგორც ტელეკომპანია Rai-ს გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა, დონარუმამ გასახდელში იტირა, ხოლო მას კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი ამშვიდებდა.
როგორი გაგრძელება ექნება დონარუმას ისტორიას, ალბათ ახლო მომავალში გავიგებთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიელი გუნდს იანვარშივე დატოვებს. ყველაზე რეალურ ვარიანტად კი, პსჟ-ში გადასვლა სახელდება.