ფეხბურთი

18:55 | 12.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” სერია A-ს დატოვებაზე ალაპარაკდა

რომის “ლაციომ”, შესაძლოა, იტალიის სერია A პროტესტის ნიშნად დატოვოს. საქმე ისაა, რომ “ბიანკოჩელესტე” მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა, როგორც გუნდის ხელმძღვანელობა, ისე გულშემატკივრები.

ყველაფრის პიკი სერია A-ს ბოლო ტურის მატჩი გამოდგა “ტორინოსთან”, სადაც “ლაციალეს” ჩირო იმმობილე საეჭვო ვითარებაში გაუძევეს. გარდა ამისა, ერთი თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს. აღსანიშნავია, რომ ვიდეორეფერის გამოყენების მიუხედავად, რატომღაც მიმდინარე სეზონში რომაული გუნდი არბიტრების შეცდომების გამო მართლაც დაზარალდა.

გუშინდელი მატჩის მერე ესპანელი შემტევი ლუის ალბერტო ასეთი განცხადებით გამოვიდა: “ვიღაცას არ სურს, რომ “ლაციო” სატურნირო ცხრილის ოთხეულში იყოს”, - თქვა მან.

მსაჯების კრიტიკა არც იტალიურ მედიას დაუკლია. მაგალითად Corriere Dello Sport-ის დღევანდელ ნომერს, ერთადერთი სიტყვა ამშვენებდა: VARGOGNA! VERGOGNA – ეს სიტყვა ქართულად ითარგმნება როგორც სირცხვილი, ხოლო ვიდეორეფერის ეწოდება VAR – შესაბამისად, სიტყვამ ოდნავ იცავალა სახე, სირცხვილსა და ვიდეორეფერის შორის გაერთიანდა.

ამასობაში, “ლაციოს” ულტრასების წარმომადგენელი არტურო დიაკონალე ასეთ განცხადებას ავრცელებს:

“ლაციოს” ყველა ტიფოზის სახელით მოგიწოდებთ, რომ მსაჯების ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს. ჩვენ გვინდა სამართლიანი ჩემპიონატი. არსებობს მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტოთ, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში მოვითხოვთ, რომ “ლაციომ” ჩემპიონატი დატოვოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ “ლაციომ” “ტორინოსთან” 1:3 წააგო და ამ დროისთვის 32 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

0.119406