„აკადემიამ“ წლეულს ევროასპარეზზე სერიოზული განაცხადი გააკეთა და პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მცირე ასაკობრივი საკლუბო გუნდით -ცამეტწლამდელებით, ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირზე ჩაერთო.
ბალტიის კალათბურთის (BBBL) ლიგა, ფაქტობრივად, ახალგაზრდული ევროლიგაა, სადაც ევროპის უძლიერესი საკალათბურთო ქვეყნების სკოლების გუნდები მონაწილეობენ. 2017/2018 წ.წ. სეზონში სულ რვა ქვეყნის 122-მა გუნდმა მოიყარა თავი (ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ბელარუსი, რუსეთი, ფინეთი, შვედეთი და საქართველო), რომლებიც 6 ასაკობრივ კატეგორიაში (U11-U16) გადანაწილდნენ. ცამეტწლამდელთა შორის 25 გუნდი ორ ჯგუფად არის განთესილი, თითო ჯგუფში ყველა გუნდი ერთმანეთს ერთხელ ხვდება და საბოლოოდ საუკეთესო შედეგების მქონე 16 გუნდი პლეი-ოფში აგრძელებს ასპარეზობას.
ქართველმა ბავშვებმა პირველი ტურის თამაშები ა/წ ოქტომბერში ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართეს. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ დღეში ორი თამაში ბავშვებისთვის დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა 6 თამაშიდან ორის მოგება მაინც შეძლეს, რაც დებიუტისთვის დადებითად შეფასდა. ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ, მათ იცოდნენ, რომ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევდათ პაექრობა, ამიტომ ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ თანატოლებს არ დაეჩაგრათ და მეტოქეებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.
გათამაშების მეორე ტურში (8-10 დეკემბერი) „აკადემიამ“ ოთხი შეხვედრა გამართა. პირველი მეტოქე ცნობილი მოსკოვის ცსკა-ს საკალათბურთო სკოლის გუნდი Jumpball-ი იყო, რომელმაც პირველი ტური 4 მოგებით და ერთი წაგებით დაასრულა. ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული Jumpball-ი „აკადემიამ“ 38:25 დაამარცხა.
„მთლიანობაში გუნდი გაცილებით უკეთესად გამოიყურება. პირველი ტურის შემდეგ ბავშვებს აშკარად მომატებული აქვთ და ეს დღევანდელ თამაშზეც გამოჩნდა. პირველივე მატჩის მოგება, ცხადია, გუნდზე დადებითად იმოქმედებს და, იმედია, მომდევნო თამაშებისთვის ბიჭებს მეტი შემართებით განაწყობს“, -- აღნიშნა „აკადემიის“ მწვრთნელმა გელა წულაძემ.
მწვრთნელის იმედები გამართლდა. ტურის მეორე დღეს „აკადემიამ“ ორი მატჩი გამართა - თავდაპირველად ფინური „ჰონკა“ დაამარცხა (50:46), ხოლო შემდეგ ლატვიის „მარუპეს“ მოუგო (41:36). დასკვნით დღეს კი წაუგებელი სერია ტალინის TTU-სთან (ესტონეთი) გამარჯვებით დააგვირგვინა (50:33).
„უპირველესად მინდა, რომ ბავშვებს მადლობა გადავუხადო ასეთი მონდომებისთვის და თავდადებისთვის. პროგრესი სახეზეა. პირველი ტურის შემდეგ თბილისის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, ჩვენი სკოლის კიდევ ორი 2006 წელს დაბადებული მოთამაშით გავძლიერდით, გუნდი თითქმის ორი თვე ინტენსიურ მზადებას გადიოდა კონკრეტულად იმ შემადგენლობით, რომლითაც რიგაში ჩამოვედით... ჩვენმა გამოსვლამ ევროლიგაზე კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება“, -- აღნიშნა გელა წულაძემ.
8-10 დეკემბერი. ბალტიის კალათბურთის ლიგა (BBBL).
მე-2 ტური:
„აკადემია“ - Jumpball (მოსკოვი, რუსეთი) – 38:25,
„აკადემია“ - Honka (ჰელსინკი, ფინეთი) – 50:46,
„აკადემია“ - Marupas (მარუპე, ლატვია) –41:36,
„აკადემია“ - TTU (ტალინი, ესტონეთი) – 50:33.
ლიგის მესამე ეტაპი 2018 წლის თებერვალში ლატვიაში ან ლიტვაში ჩატარდება, ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.