საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში პაატა გურასპაული იქნება. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართული არჩევნების შემდეგ გახდა.
არჩევნებში დარეგისტრირებული 34 დელეგატი იყო, თუმცა 7 მათგანს მასში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, თავისი არჩევანი 27-მა დელეგატმა დააფიქსირა და ხმების აბსოლუტური უმრავლესობა პაატა გურასპაულმა მიიღო – 80%.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში დელეგატებს ხმის მიცემა შიო ხეცურიანის კანდიდატურაზეც შეეძლოთ, რომელმაც არჩევნების დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. თუმცა, აწ უკვე ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ გაბრიჩიძის განმარტებით, მას ოფიციალურად არ მიუმართავს ფედერაციისთვის, კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ამიტომაც ხმის მიცემა მასზეც იყო შესაძლებელი.
“მადლობას გადავუხდი ფედერაციას გაწეული სამსახურისთვის და გაკეთებული პროექტებისთვის. საკალათბურთო სამყაროსთან ერთად ვიქნები და თქვენთან ერთავად განვახორციელებ მნიშვნელოვან პროექტებს. კალათბურთი უნდა გახდეს მასობრივი და ხელი შევუწყოთ ბავშვთა კალათბურთის განვითარებას. ამასთან, აუცილებელია ქალთა კალათბურთის აღორძინებაც.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ასევე, ჩემი მიზანია გამგეობის გაფართოება და წევრთა რაოდენობის გაზრდა”, - განაცხადა გურასპაულმა.
პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 2021 წლამდე უხელმძღვანელებს.