ლა ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სევილიას” დაუხვდა და მეტოქეს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო.
მადრიდელებმა მიმდინარე სეზონში ბევრი ქულები დაკარგეს, გასულ ტურშიც “ბილბაოს” ვერ მოუგეს და “დალაქებთან” მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ: ვარანი, რამოსი, კასემირო, კარვახალი და ბეილი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ თამაშს. აქედან გამომდინარე, ბევრი ფიქრობდა, რომ “რეალს” ძალიან გაუჭირდებოდა და შესაძლოა, მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაეკარგა. თუმცა, ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპიროდ წარიმართა და ის, რაც მასპინძლებმა ანდალუსიელებს დამართეს, ალბათ “რეალის” ყველაზე თავგადაკლულ გულშემატკივარსაც არ წარმოედგინა: მადრიდელებმა მეტოქე შეარცხვინეს და პირველივე ტაიმში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.
“სევილიას” რბევა მე-3 წუთზე დაიწყო, მასპინძლებმა კუთხური კარგად ვერ მოაწოდეს და მურიელს თითქოს უპრობლემოდ უნდა გამოეტანა ბურთი, მაგრამ პირიქით გააკეთა და უკან ჩააბრუნა, სადაც ყველას ნაჩომ დაასწრო და ანგარიში გახსნა. 23-ე წუთზე მარკო ასენსიომ ჩინებული პასით კრიშტიანო რონალდუ მეკარესთან პირისპირ დატოვა და პორტუგალიელიც საკადრისად გაისარჯა, ხოლო 31-ე წუთზე პენალტი აქცია გოლად და დუბლი გაიფორმა.
ანდალუსიელთა დაცვა სამარცხვინო თამაშს განაგრძობდა და შესვენებამდე სერხიო რიკომ კიდევ ორი ბურთი გაუშვა: 38-ე წუთზე ტონი კროოსმა ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო ოთხ წუთში მარჯვენა ფლანგზე ახალგაზრდა ჰაკიმიმ გაილაღა და ტაბლოზე 5:0 ააციმციმა.
მეორე ნახევარში “რეალმა” დემორალიზებული მეტოქე აშკარად დაინდო და მეტი გოლი აღარ გაუტანა. გეტყვით, რომ “სევილიამ” 1987 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველ ტაიმში პირველად გაუშვა ხუთი ბურთი. მაშინ ანდალუსიელები “სარაგოსასთან” განადგურდნენ (1:8).
“ხეტაფესთან” მოულოდნელი მარცხის შემდეგ, “ვალენსია” “მესტალიაზე” “სელტას” დაუხვდა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, მაგრამ “ღამურებს” ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდათ. “ლოს ჩეს” ძალიან დაეტყო გონსალო გუედეშის, ეზეკიელ გარაის და ჯეისონ მურილიოს არყოფნა და თუ მათ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებაზე ფიქრი მოუწევთ, რადგან მარსელინიო ტორალს ღრმა რეზერვი ნამდვილად არ აქვს.
“ვალენსიამ” ტაიმი სიმონე ძაძას ზუსტი თავურით მოიგო, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-10 გოლი გაიტანა. გალისიელებმა წონასწორობა მეორე ნახევრის პირველივე წუთზე აღადგინეს, იაგო ასპასმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო. მთელმა მეორე ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ “ვალენსიას” აუცილებლად უნდა მოეგო, თუმცა მე-80 წუთზე პაბლო ერნანდესმა მასპინძლებს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა და ნაჩო ხილი საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით წააქცია, ხოლო 11-მეტრიანი დანი პარეხომ გამოიყენა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
“დეპორტივომ” ადრიანის გოლით “რიასორზე” “ლეგანესი” დაამარცხა, ხოლო “ხეტაფეს” და “ეიბარის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
რეალი – სევილია 5:0 (5:0)
გოლები: 1:0 ნაჩო (3), 2:0, 3:0 რონალდუ (23; 31 პენ.), 4:0 კროოსი (38), 5:0 ჰაკიმი (42)
ვალენსია – სელტა 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ძაძა (28), 1:1 ასპასი (46), 2:1 პარეხო (81 პენ.)
დეპორტივო – ლეგანესი 1:0 (1:0)
გოლი: ადრიანი (24)
ხეტაფე – ეიბარი 0:0