ჭიდაობა

20:48 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი ფალავანია

საქართველოს 2017 წლის აბსოლუტური ფალავანი გურამ თუშიშვილი გახდა. ძიუდოში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა სპორტულ კომპლექს "ახალ თბილისში” მდებარე ფრენბურთის დარბაზში გამართულ მთავარ ფალავნობაზე დავით იმერლიშვილის, რევაზ წულუკიძისა და ორგზის ფალავან პაატა ღვინიაშვილის ძლევის შემდეგ, ფინალში გიორგი ქავთარაძე სუფთა გდებით დაამარცხა.

აბსოლუტურ ფალავნობამდე, ტრადიციულად, ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. თუშიშვილი +100-ში ჩაება კონკურენციაში და ფინალამდეც მივიდა. გიორგი ქავთარაძეს იქაც აჯობა, ოღონდ ნახევარფინალში. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ლევან მატიაშვილთან ვეღარას გახდა. მძიმე წონაში მესამე ადგილზე ქავთარაძე გავიდა, რომელმაც იქამდე, ტიტულისთვის ბრძოლას შარშანდელი აბსოლუტური ფალავნობის ფინალისტს – ონისე ბუღაძეს სძლია.

სხვა წონებში ჩემპიონობით გიორგი მახარაშვილმა (80 კგ), პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გიორგი ბოლოთაშვილმა (100 კგ) გაიხარეს.

აბსოლუტურ შეჯიბრებაში თითოეული წონის ოთხ-ოთხი საუკეთესო მოჭიდავე ჩაება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნახევარფინალები გამოდგა. თუშიშვილის მიერ ღვინიაშვილის ძლევამდე, ქავთარაძემ მატიაშვილი დაამარცხა, თითქმის ათწუთიან დაძაბულ ბრძოლაში.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მატიაშვილმა მონაწილეობა აღარ მიიღო და ღვინიაშვილს საპრიზო ადგილი უბრძოლველად დაუთმო.

წონითი კატეგორიების პირველ სამეულში შესული მოჭიდავეები 3 ათასი, 2 ათასი და ათასი ლარით დაჯილდოვდნენ. აბსოლუტურ ფალავანს 30 ათასი ერგო. მეორე პრიზიორს 10 ათასი, ხოლო მესამეს – 5 ათასი.

ფალავნობა 2017

თბილისი

9 დეკემბერი

80 კგ

1 გიორგი მახარაშვილი (მცხეთა)

2 კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო)

3 კახა მამულაშვილი (კასპი)

90 კგ

1 პაატა ღვინიაშვილი (ქარელი)

2 გიორგი პაპუნაშვილი (გორი)

3 ნიკა სიდამონიძე (ქარელი)

100 კგ

1 გიორგი ბოლოთაშვილი (გორი)

2 რევაზ წულუკიძე (აჭარა)

3 იასონ ნემსაძე (ქუთაისი)

+100 კგ

1 ლევან მატიაშვილი (თბილისი)

2 გურამ თუშიშვილი (კოჯორი)

3 გიორგი ქავთარაძე (გარდაბანი)

აბსოლუტური

1 გურამ თუშიშვილი

2 გიორგი ქავთარაძე

3 პაატა ღვინიაშვილი

0.120265