იტალიის სერია A-ს ბინადარ “კროტონეს” ამიერიდან ვალტერ ძენგა გაწვრთნის. ამის შესახებ კალაბრიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ძენგამ დავიდე ნიკოლა შეცვალა, რომელმაც პოსტი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სურვილით დატოვა.
57 წლის ძენგა ბოლოს ინგლისურ “ვულვზში” მუშაობდა, ხოლო უშუალოდ იტალიის ჩემპიონატს 2015 წლის შემდეგ დაუბრუნდა.
“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ამ მნიშვნელოვან ოჯახში მოხვედრით. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ და ბევრს ვიმუშავებ ამ გუნდში”, - აღნიშნა ძენგამ.
იტალიის ნაკრების ექსმეკარეს სერია A-ში მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს. ძენგა თავის დროზე მხოლოდ “კატანიას”, “პალერმოსა” და “სამპდორიას” ედგა სათავეში.