ევროლიგის მე-11 ტურში ქართული დერბი შედგა – თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” გიორგი შერმადინის “უნიკახა” დაძაბულ ბრძოლაში, 88:82 დაამარცხა.
ბასკების ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მისთვის უჩვეულოდ მწირი სათამაშო დროც დაეთმო – 19:19 წუთი. ხსენებულ დროში შენგელიამ 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა საკუთარ გუნდს.
თორნიკემ 7-დან ოთხი ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთივე შედეგი აჩვენა საჯარიმოების მხრივაც. ერთი სამქულიანი კი კალათში ვერ მოათავსა. მიუხედავად 19 წუთისა, ჩვენებური თანაგუნდელთა შორის მხოლოდ იანის ტიმას ჩამორჩა (24 ქულა 31 წუთში). მარგი ქმედების კოეფიციენტი ტიმას 21 ჰქონდა, თორნიკეს კი – 20.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს – ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 14:29 წუთი გაატარა. გიორგის თავი დიდად არ გამოუჩენია: 2 ქულა და 3 მოხსნა. შერმადინმა ოთხი ორქულიანიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო. საჯარიმო ხაზზე კი არ დამდგარა.
“ბასკონიას” 11 ტურში 5 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და მეცხრე პოზიციაზეა, ხოლო “უნიკახა” 3 მოგებითა და 8 წაგებით ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, “ხიმკის” უმასპინძლებენ, ხოლო ბასკები ერთი დღის შემდეგ “ანადოლუ ეფესს” თურქეთში ეწვევიან.