ფეხბურთი

2:37 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ღამურების” მოულოდნელი მარცხი

“ვალენსიამ” მიმდინარე ლა ლიგაში პირველი მარცხი იწვნია. “ღამურები” “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” “ხეტაფეს” ეწვივნენ და მოულოდნელად, შინ უქულოდ მოუწიათ დაბრუნება.

როგორც იცით, შაბათს “ბარსელონამ” ვერ მოიგო და “ლოს ჩეს” შეეძლო, რომ ლიდერთან სხვაობა შეემცირებინა, თუმცა პირიქით მოხდა და კატალონიური გრანდი კიდევ ერთი ქულით გაიქცა წინ. სტუმრებს დიდი დანაკლისი ჰქონდათ, გონსალო გუედეში, ჯეისონ მურილიო და ეზეკიელ გარაი ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდნენ გუნდს, ხოლო მთავარი მწვრთნელი მარსელინიო ტორალი დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამიდან ვერ ხელმძღვანელობდა გუნდს, რამაც სტუმრების თამაშზე გარკვეული გავლენა ნამდვილად მოახდინა.

მიუხედავად ამისა, თამაშის სცენარი ისე განვითარდა, რომ “ღამურებს” მოგება მართებდათ: 25-ე წუთზე არამბარიმ მეორე გაფრთხილება მიიღო და მასპინძლებს 65 წუთის განმავლობაში კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში. ვალენსიელებს ტერიტორიული უპირატესობა კი ჰქონდათ, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა და საბოლოოდ, “ბარსელონასთან” ჩამორჩენის შემცირების ჩინებული შანსი გაუშვეს ხელიდან.

ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა, ბერგარამ შორიდან გაისროლა, ბურთი დიდი მანძილით ცდებოდა ნეტოს კარს, მაგრამ პაულისტას მოხვდა და ბრაზილიელი კიპერის კარში შევარდა. ამის შემდეგ “ღამურებმა” განსაკუთრებით შეუტიეს და 75-ე წუთზე დანი პარეხოს ჯარიმის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა: ვისენტე გუაიტამ ხელი წაარტყა ბურთს, რომელიც შემდეგ ძელმა უკუაგდო. კარგი მომენტები ჰქონდათ, კარლოს სოლერს და სიმონე ძაძას, მაგრამ გუაიტას კარს გასაღები ვერცერთმა მოარგო და “ვალენსია” ისეთ მატჩში დამარცხდა, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი, თუნდაც იმიტომ, რომ მეტოქე ერთ საათზე მეტი კაცნაკლული თამაშობდა – 1:0.

პაკო აიესტარანის დათხოვნა წაადგა “ლას პალმასს”, რომელმაც მე-4 ტურის (17 სექტემბრის) შემდეგ პირველად მოიგო. კანარელებმა კალერის გოლით “ბეტისი” დაამარცხეს, რომლის მთავარი მწვრთნელი “ყვითლების” ყოფილი დამრიგებელი კიკე სეტიენია.

მშვენიერი შეხვედრა გამოუვიდა “ლეგანესს”, რომელმაც 4-მატჩიანი წაგებათა სერია შინ “ვილიარეალთან” შეწყვიტა. სტუმრები მე-60 წუთზე რაბამ დააწინაურა, თუმცა შეხვედრის დასკვნით 20 წუთში კასტილიელებმა სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში და მე-7 პოზიციამდე აღზევდნენ.

“ეიბარმა” კი “იპარუაზე” “ესპანიოლი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა. ბასკები მეტოქეს 3:0-ს უგებდნენ და პრესტიჟის ბურთი მხოლოდ 79-ე წუთზე გაუშვეს: ენრიჩმა ავტოგოლი მიითვალა.

ლეგანესი – ვილიარეალი 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 რაბა (60), 1:1 დ.რიკო (72), 2:1 ელ ჟარი (81), 3:1 გაბრიელი (93)

ხეტაფე – ვალენსია 1:0 (0:0)

გოლი: ბერგარა (66)
გაძევება: არამბარი (25 ხ.)

ეიბარი – ესპანიოლი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კიკე (9), 2:0 ალეხო (38), 3:0 ხორდანი (69 პენ.), 3:1 ენრიჩი (79 ს.კ.)

ლას პალმასი – ბეტისი 1:0 (1:0)

გოლი: კალერი (19)
გაძევება: ამატი (92 ბ.)

თეგებილა ლიგა
0.11449