ფეხბურთი

22:31 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოლნისის “სიონი” – საგზური დრამატულ მატჩში

ბოლნისის “სიონი” 2018 წლის ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილებს შინ 3:2 ჰქონდათ მოგებული ბათუმის “დინამოსთან”, სტუმრადაც ამ ანგარიშით დამარცხდნენ და დამატებითი დროის შემდეგ, ჯერი პენალტების სერიაზე მიდგა. “სიონმა” უკეთ დაარტყა.

მე-8 წუთი იყო, ელგუჯა გრიგალაშვილმა რომ გახსნა ანგარიში: მან იაროსლავ კვასოვის პასის შემდეგ, ახლოდან გაიტანა. სწრაფი და გააზრებული შეტევა იყო. გიორგი ქავთარაძის ბოლოსწინა პასი უნდა აღვნიშნოთ.

ტაიმის შუაში გიორბელიძემ ხელით ითამაშა ქავთარაძის აქტიურობის შემდეგ. პენალტი დაინიშნა და ვალერი თევდორაძემ ვერ გაიტანა: მეკარე თორნიკე ზარქუამ მოიგერია.

36-ე წუთზე კი ალექსანდრე კოშკაძემ ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო. ძელიდან ასხლეტით შევარდა ბურთი კარში – 1:1.

ერთ წუთში “სიონი” კინაღამ წინ გავიდა: ჯაბა დვალმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ლაშა მანაგაძე, რომელმაც ხარიხას მოარტყა ბურთი. ეს გოლი რომ გასულიყო, ალბათ, ასეთი დრამატული თამაშიც არ შედგებოდა.

მეორე ტაიმში კი ბათუმელებმა იმარჯვეს. გრიგალაშვილმა მთელ მარცხენა ფლანგზე გაილაღა, შეასრილა ბურთი მეკარის ბაქანთან და იქ კვასოვმა დაახვედრა ფეხი – 2:1.

ეს ანგარიში ბათუმელებს აწყობდათ. “სიონი” უტევდა და ამ დროს კონტრშეტევაზე ბათუმელებმა გაიტანეს. მეკარე ზარქუა წინ იყო გამოსული, ოთარ მარცვალაძემ მოატყუა და ცარიელ კარში დაახლოებით 30 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 3:1 და დარჩენილ დროში ბათუმელები დაცვაში იყვნენ... მანამდე კიდევ ჯაბა დვალს ჰქონდა იდეალური მომენტი და გააცუდა.

და მსაჯის მიერ დამატებული წუთები იყო, როცა “სიონმა” თავისი გაიტანა. კოშკაძის კუთხური, მეკარე ანატოლი ტიმოფეევი უცნაურად იგერიებს, კარს კარგავს და არეულობაში ზვიად სიხარულიამ თავით გაიტანა – 3:2.

დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტებში კი “სიონმა” იმარჯვა – ზარქუამ მარცვალაძესა და გრიგალაშვილს აუღო. სიმბოლურია, რომ ბოლო პენალტი ჯაბა დვალმა გაიტანა.

ბოლნისელები შარშან პლეი ოფში ქობულეთის “შუქურასთან” გავარდნენ და ისევ აჭარულ გუნდთან პლეი ოფში მოგების ხარჯზე დაბრუნდნენ.

ბათუმი. რაგბი არენა

დინამო (ბათუმი) – სიონი (ბოლნისი) 3:2 (პენალტებში 2:4)

გოლები: 1:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (8), 1:1 კოშკაძე (36), 2:1 კვასოვი (62), 3:1 მარცვალაძე (82), 3:2 სიხარულია (90+2)

23-ე წუთზე თევდორაძემ (დინამო ბთ) ვერ გაიტანა პენალტი

გაძევება: მაქაცარია (სიონი, სათადარიგოთა სკამიდან)

პენალტების სერია

გაიტანეს: კვირკველია, შონია – სიხარულია, უგულავა, ქიქავა, დვალი

ვერ გაიტანეს: მარცვალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი - ჭანკოტაძე

0.112836