იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზო დებიუტის მოლოდინშია. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი “როსონერის” თავკაცის რანგში პირველ მატჩს ხვალ, აუტსაიდერ “ბენევენტოს” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც ჯერჯერობით ქულაც არ მოუპოვებია.
გატუზო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ხვალინდელ შეხვედრას ისე უნდა შეხვდეს, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. თუმცა, ერთ დღეში რომიც არ აშენებულა. დაცვაში ისევ 3 მცველით ვითამაშებთ, მაგრამ სხვა სქემაც გვაქვს დამუშავებული.
ხვალ ნამდვილი ბრძოლა გველოდება. მას მერე, რაც “ბენევენტო” დე ძერბიც ჩაიბარა, თამაში გააუმჯობესა. ხვალ ისე უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვთამაშობთ.
ასევე, ვიმუშავეთ მენტალურადაც. მომწონს გუნდის ინტენსივობა და კონცენტრირებულნი ვიქნებით. ითამაშებენ ისინი, ვინც უკეთეს ფორმაში იქნებიან. ჩემთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.
ახალ გატუზოს ფრანკ კესიეში ვხედავ, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ფეხბურთელებიც გააუმჯობესებენ გარკვეულ მახასიათებლებს”, - აღნიშნა გატუზომ.
“ბენევენტოსა” და “მილანის” შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.