ფეხბურთი

13:00 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - ნოემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ოქტომბერში ჩვენი გამოკითხვა სოლომონ კვირკველიამ მოიგო, თანაც, დიდი უპირატესობით - ხმების 53.4% მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი) და სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი)

ახლა კი, 2017 წლის ნოემბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ექვსი კანდიდატი გვყავს - ოთხი ლეგიონერი, ორიც ეროვნული ლიგის გმირი.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ნოემბრის თვის ნომინანტთა სიას და ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”:

ნიკა კაჭარავა (“კორონა”, პოლონეთი) – 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნოემბერში ექსტრაკლასაში სამი შეხვედრა ჩაატარა. კაჭარავას საუკეთესო თამაში “სლასკის” წინააღმდეგ ჰქონდა – გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი. ერთხელაც პოლონეთის ჩემპიონატის სიმბოლურში მოხვდა. საქართველოს ნაკრებში კი ნიკას დიდი სათამაშო დრო არ მისცემია.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია) – ვენის “რაპიდის” ქართველმა შემტევმა ნოემბერში ორი გოლი გაიტანა. ერთი ეროვნულ ნაკრებში, ერთიც – გუნდში. საქართველომ გორში სწორედ გიორგის გოლით სძლია კვიპროსის ნაკრებს, ხოლო ბუნდესლიგაში “ზალცბურგის” კარი დალაშქრა.

საბა ლობჟანიძე (“რანდერსი”, დანია) – დანიის ჩემპიონატს ნელ-ნელა ალღოს უღებს საბა ლობჟანიძე. ქართველისთვის ნოემბერი მიმდინარე სეზონში უდაოდ საუკეთესო იყო. 22 წლის შემტევმა გოლი და საგოლე პასით გამოიჩინა თავი სამ ჩატარებულ მატჩში. ერთხელ კი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

როინ კვასხვაძე (“ტორპედო”) – ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გამოცდილი მეკარის ერთმა მოძრაობამ ეროვნული ლიგის ბედი გადაწყვიტა. კვასხვაძემ ოთარ კიტეიშვილს ბოლო წუთზე საჩემპიონო თერთმეტმეტრიანი აუღო და გმირი გახდა. როინმა ნოემბერში საქართველოს ნაკრების კარიც დაიცვა ბელარუსთან სპარინგში.

სოლომონ კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი) – კვირკველიამ წინა ორი გამოკითხვა მოიგო. საერთოდაც, სოლომონი ერთ-ერთი იშვიათი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სტაბილურად ახერხებს თამაშს. ნოემბერში ჩვენებურის აქტივში 5 მატჩია (2 ევროპა ლიგაზე). ერთხელ პრემიერლიგის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა გასულ თვეში.

თორნიკე კაპანაძე ("ტორპედო") - ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნული ლიგის ბოლო სამი მატჩი ნოემბერში ჩაატარა და სამივე მოიგო. აღნიშნულ შეხვედრებში ქუთათურებმა 5 გოლი გაიტანეს და საგულისხმოა, რომ რომ ყველა თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა. მოკლედ, 26 წლის ფორვარდის როლი იმერელთა ჩემპიონობაში განუზომლად დიდი გახლავთ. ცალსახაა, რომ გამოკითხვაში ყოფნა თორნიკემაც დაიმსახურა.

0.11779