"შალკე" მზადაა ცენტრალურ ნახევარმცველს ლეონ გორეცკას კლუბისთვის სარეკორდო კონტრაქტი გაუფორმოს და კვირაში 100, 000 ევრო გადაუხადოს. როგორც Bild-ი იუწყება, ბუნდესლიგის კლუბი გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს შეთავაზებას უახლოეს მომავალში გაუკეთებს.
გელზერკირხენული კლუბის მესვეურებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს ფეხბურთელისთვის პირობების გაუმჯობესება, რაც 22 წლის მოთამაშით კატალონიის "ბარსელონა", ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" დაინტერესდნენ.
"ბოხუმის" აკადემიის აღზრდილი გორეცკა "შალკეში" 2013 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ლეონმა 41 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში ნახევარმცველმა 12 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი გამუდმებით იზრდება და ამჟამად 23 მილიონ ევროს შეადგენს.