კალათბურთი

17:56 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაული რუსთაველებს შეხვდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი პაატა გურასპაული რუსთავს ესტუმრა და იქაურ საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა.

კანდიდატმა გაიხსენა კარიერის ბოლო სეზონი, როდესაც კალათბურთის თამაში რუსთავის "აზოტის" მაისურით დაამთავრა. მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი წამოჭრა და პაატა გურასპაულს უჩია არჩევის შემთხვევაში ამ საკითხებს დიდი ყურადღება დაუთმოს.

საქმე ეხებოდა ბავშვთა კალათბურთში გუნდიდან გუნდში კალათბურთელთა გადასვლის მტკივნეულ საკითხს... ბატონი ოთარი ასევე შეეხო გადაზრდილების თემას, რაც ქართულ კალათბურთსაც აზარალებს, მოთამაშეებსაც და მწვრთნელების ღვაწლსაც ჩრდილს აყენებს. ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ყველა კალათბურთელის აღრიცხვა და საერთო ბაზაში შეყვანა მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პუნქტში დევს.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონებში კალათბურთის განვითარების პერსპექტივებზე, კალათბურთის წინსვლისთვის საჭირო ფულის მოძიების გზებზე, გუნდების გაძლიერებასა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელზეც... როგორც პაატა გურასპაულმა თქვა, ილიას ზუროსის მუშაობით კმაყოფილია და მასთან სამომავლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზეც ფიქრობს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. კანდიდატურების წარდგენა 15 ნოემბერს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას პაატა გურასპაული, შიო ხეცურიანი და კახა შენგელია მიიღებენ.

0.176728