ჭიდაობა

10:44 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სხულუხიამ და კენჭაძემ ბრინჯაოს წერტილები დასვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების ბოლო დღეს საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 65, 70, 74 და 97 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს სახელით კი მსოფლიოს კონკურენციაში ივერიკო ჯულაყიძე (65 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩაებნენ და სხულუხია და კენჭაძე პოდიუმზეც ავიდნენ. გენო პეტრიაშვილის (125 კგ) ოქროსა და ირაკლი მწითურის (86 კგ) ბრინჯაოს ორივემ ბრინჯაოები მიამატა.

მირზა სხულუხიამ ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე შეხვედრაში დაკარგა – მერვედფინალში ინდოელ კუმარ ომპრაკაშ ვინოდთან დამარცხდა (0:3). მას შემდეგ, რაც ვინოდმა კიდევ ორი ეტაპი დაძლია და ფინალის საგზური გაინაღდა, სხულუხია რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა: უკრაინელი ალი ზაკარიევი (7:3) და იაპონელი ნობუიოში ტაკოჯიმა (3:0).

ავთანდილ კენჭაძემ ძირითად ბადეში მონღოლი ბატსუხ ბოლდხუუს (13:2), ბელარუსი ანდრეი კარპაჩისა (15:5) და იაპონელი იაჯურო იამასაკის (7:4) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ გაჯი ნაბიევთან წააგო (3:7). რეპეშაჟის ფინალში კი ამერიკელ ისაია ალექსანდერ მარტინესს ადვილად აჯობა (11:0).

ივერიკო ჯულაყიძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. ჯულაყიძისთვის დაუძლეველი ზღუდე საფრანგეთის ნაკრების წევრი იმან მუხტაროვი აღმოჩნდა (4:7), ხოლო მაჭარაშვილისთვის – ყაზახი ბაკდაულეტ ალმენტაი (3:3).

0.121203