შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მეთერთმეტე ჯგუფში ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად, ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2019 წელს ბულგარეთში ჩატარდება.
რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, ქართველი გოგონები მეოთხე ჯგუფში ნორვეგიის, ჩეხეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ზაფხულში შოტლანდია უმასპინძლებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელი ქვეყანა და მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ორივე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა 2018 წლის 23 ნოემბერს გაიმართება.
gff.ge