ევროლიგაში წარმატებულ სერიას აგრძელებს “სასკი ბასკონია”. ესპანურმა გუნდმა ბელგრადში “ცრვენა ზვეზდა” 85:81 დაამარცხა და ეს იყო ბასკთა მიჯრით მესამე გამარჯევა ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე.
“ბასკონიას” თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა. ესპანელთა ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 27:48 წუთი დაჰყო და ხსენებულ დროში 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი გაახერხა.
თორნიკემ თითქმის 100%-იანი სიზუსტით ითამაშა შეტევაში: 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სამქულიანი კი არ უსვრია. შენგელია თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ იოჰანეს ვოიგტმანს ჩამორჩა (17 ქულა), თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი ჰქონდა – 23. შესაბამისად, მატჩის MVP სწორედ ჩვენებური გახდა.
“ბასკონიას” ევროლიგაში 4 მოგების წილ 5 მარცხი აქვს და ამ დროისთვის მე-11 პოზიციაზე იმყოფება. ბასკები მომდევნო ტურში 30 ნოემბერს, “ფენერბახჩეს” უმასპინძლებენ.