მიუნხენის “ბაიერნს” ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ხანგრძლივი დროით გამოაკლდა. როგორც “რეკორდმაისტერის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, ტიაგო თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
“ტიაგოს კუნთის დაზიანება აქვს და დიდი ეჭვი არსებობს, რომ მოედანზე რამდენიმე თვე ვერ გავა. ყოველ შემთხვევაში პესიმისტურად ვართ განწყობილნი. რაც შეეხება რობენს, იმედია, მალე დაგვიბრუნდება, სერიოზული არაფერი უნდა იყოს”, - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
ტიაგო ალკანტარამ და არიენ რობენმა ტრავმები ბრიუსელის “ანდერლეხტთან” მატჩში მიიღეს. “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელების გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ჯერ უცნობია.