საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
გუშინ საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო. თითო ქართველი ოთხივე წონაში ჩაება კონკურენციაში და სამმა მათგანმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
ყველაზე შედეგიანად პოლონურ მსოფლიოს პირველობაზე შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გამოვიდა - ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა ყველა შეხვედრა მოიგო და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. საჩემპიონო გზაზე ბოლქვაძემ ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ფინელი რამი პეტრი სირაე (4:2), ჩინელი გაოქან ჟანგი (3:1), პოლონელი რომან პაჩურკოვსკი (2:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ალენ მირზოიანი (2:0).
ლაშა გობაძესა (80 კგ) და ზვიად პატარიძეს (130 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
გობაძე მოლდოველი ვიორელ ბურდუას (7:1), უკრაინელი ანდრეი ანტონიუკისა (4:2) და შვედი ალექს მიშელ ბიურბერგ კესიდისის (2:1) ძლევის შემდეგ, ფინალში თურქ ბურხან ააკბუდაკთან დამარცხდა (1:2).
ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ 23-წლამდელთა შორის უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვების შანსი რუს სერგეი სემენოვთან წაგებით (3:5) დაკარგა. ფინალამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: უნგრელი ფერენც ალმასი (8:0), ლიტველი მანტას კნისტაუტასი (5:1) და ირანელი ამინ მოჰამადზამან მირზაზადე (3:0).
გუშინვე, პოლონურ ხალიჩაზე 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილიც ჩაება. კარგადაც დაიწყო – თურქ აჰმეტ უკარს 9:0 მოუგო. მერვედფინალში კი უნგრელ ერიკ ტორბასთან 5:7 დამარცხდა და ისღა დარჩენოდა, მომგების ფინალში გასვლას დალოდებოდა, თავად რომ ბრინჯაოს მედლისთვის გაეგრძელებინა ბრძოლა, მაგრამ ტორბა მეოთხედფინალს ვერ გასცდა.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა. შმაგი ბოლქვაძის (66 კგ), ლაშა გობაძისა (80 კგ) და ზვიად პატარიძის (130 კგ) გარდა შინ მედლით ბრუნდება გელა ბოლქვაძე, რომელმაც 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 51 ქულა დააგროვა და 1 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუსეთს. მესამეადგილოსან თურქეთის ანგარიშზე კი 42 ქულაა.
დღეს და ხვალ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს ქალები გამოავლენენ. შაბათ-კვირას კი ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.