კალათბურთი

15:41 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ სანიკიძე: “ეროვნული ნაკრები ურთულეს მდგომარეობაშია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ “რედისონში”, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის პროგრამის პრეზენტაციის შემდგომ, დრო ჟურნალისთებისათვისაც გამონახა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა. როგორც 31 წლის კალათბურთელმა WORLDSPORT.GE-სთან საუბარში განაცხადა, ილიას ზუროსის გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ სჯერა, რომ ნაკრების თითოეული წევრი ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად.

შიო ხეცურიანის საარჩევნო კამპანია

“თვითონაც აღნიშნა შიომ, რომ ძალიან რთული იქნება ამ 10 წელიწადში ყველა გეგმის განხორციელება. ვისაც კალათბურთი გვიყვარს, ყველას გული შეგვტკივა დღევანდელ სიტუაციაზე. სირთულეები რომ იქნება, თავადაც აღნიშნა. იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვა, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად ეცდება განახორციელოს ყველა დაპირება.

ეროვნული ნაკრები და შანსები

ეროვნული ნაკრები ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ისევე, როგორც მწვრთნელი. გუნდს ტრავმის გამო ცინცაძე, სანაძე და ბურჯანაძე გამოაკლდნენ. ეს დიდი ძალაა ნაკრებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის, თუმცა რეალურად რომ შევაფასოთ, ეს ძალიან რთული იქნება. დიდი შანსები ნამდვილად არ გვაქვს, რომ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა იმედი გვაქვს, რომ უკვე თებერვლის მატჩებში შერმადინს და შენგელიას თამაში შეეძლებათ და შესაძლებელი გახდება ბრძოლა.

იმ შემთხვევაში თუ პირველ წრეში ვერ მოვახერხებთ სასურველი შედეგის მიღწევას, მეორე წრის თამაშებს უკვე თბილისში ვატარებთ და ეს უნდა გამოვიყენოთ.

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე საქმე კარგად ვერ მიდის, რადგან ფეხი ძალიან ცუდად მაქვს და ტრავმა ამ დრომდე ვერ მოვირჩინე. ვცდილობ, რომ საკლუბო კარიერა მაინც გავაგრძელო”, - გვითხრა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 24 ოქტომბერს, სტუმრად გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.126832