ლა ლიგის მე-12 ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ვალენსია” “კორნელია ელ პრატზე” “ესპანიოლს” ეწვია და ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა.
“ღამურებს” წინა მატჩების მსგავსად არ უთამაშიათ და გამარჯვება ძალიან გაუჭირდათ, თუმცა უმთავრესი შეძლეს და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. პირველ ნახევარში “ესპანიოლი” უპირატესობას ფლობდა და ორჯერ გოლის გატანის 100%-იანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირველ შემთხვევაში დავიდ ლოპესს ნეტომ აჯობა, ხოლო მეორე ეპიზოდში ხერარდ მორენომ ახლო მანძილიდან ბურთი ძელს გაარტყა.
კატალონიელებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს და ტონი ლატოს შეცდომის შემდეგ, სერხიო გარსიამ კინაღამ ანგარიში გახსნა, მაგრამ სტუმრებს კვლავ ნეტომ უშველა. გამოუყენებელი მომენტების გამო მასპინძლები 67-ე წუთზე ჟოფრი კონდოგბიამ დასაჯა, რომელმაც შორი მანძილიდან ბრწყინვალედ გაისროლა და პაუ ლოპესი უშანსოდ დატოვა. 83-ე წუთზე კი ვიქტორ სანჩესის უხეში შეცდომა სანტი მინამ შეირგო და ახლო მანძილიდან იოლად გაიტანა – 0:2.
აღსანიშნავია, რომ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ზედიზედ 8 მატჩის მოგება პირველად მოახერხა. “ლოს ჩე” 30 ქულით მე-2 ადგილზეა და “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება, რომელსაც მომდევნო ტურში “მესტალიაზე” უმასპინძლებს.
საშინელ დღეშია “ლას პალმასი”, რომელმაც ზედიზედ მე-8 შეხვედრა წააგო ლა ლიგაში. ახალი მწვრთნელის პაკო აიესტარანის მოსვლის შემდგომ კანარელები საშინლად თამაშობენ და მიჯრით მე-6 მარცხი იწვნიეს. “ყვითლებმა” ამ მატჩებში 3 გოლი გაიტანეს და 20 გაუშვეს. “გრან კანარიას” ბინადარმა ამჯერად შინ მეორე ვალენსიურ კლუბთან “ლევანტესთან” წააგო, რომელმაც მე-5 ტურის შემდეგ პირველად იმარჯვა. ანგარიში 71-ე წუთზე დაკურმა გახსნა, ხოლო შვიდ წუთში ჟასონმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 0:2.
“მალაგამ” “ლა როსალედაზე” “დეპორტივო” მიიღო და დაძაბულ დაპირისპირებაში იმარჯვა, ხოლო “ბილბაომ” და “ვილიარეალმა” “სან მამესზე” ქულები გაიყვეს. სტუმრებს ტაიმი ტრიგეროსმა მოაგებინა, რომელმაც 28-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან უზუსტესი დარტყმით გაიტანა. იქამდე კი, მე-20 წუთზე პენალტიდან კეპა არიზაბალაგას ვერ აჯობა. ბასკებს ქულა 36 წლის არიც ადურისმა გადაურჩინა, რომელმაც 77-ე წუთზე ბრწყინვალე თავური დარტყმით ბარბოსა ადგილზე გააშეშა – 1:1.
მალაგა – დეპორტივო 3:2 (1:1)
გოლები: 1:0 როსალესი (15), 1:1 ლ.პერესი (23), 1:2 შარი (52), 2:2 ჩ.კასტრო (63), 3:2 ბასტონი (84)
ესპანიოლი – ვალენსია 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 კონდოგბია (67), 0:2 მინა (83)
ლას პალმასი – ლევანტე 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 დაკური (71), 0:2 ჟასონი (78)
ბილბაო – ვილიარეალი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ტრიგეროსი (28), 1:1 ადურისი (77)
მე-20 წუთზე ტრიგეროსმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)