ლა ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურმა და მთლიანად ესპანეთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა დაპირისპირებამ გულშემატკივარს იმედი გაუცრუა. საუბარი მადრიდულ დერბიზეა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ არასანახაობრივი გამოდგა და 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე შესაბამისი შედეგი დაფიქსირდა.
მთელი მატჩის განმავლობაში გუნდებმა ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი შექმნეს. ტემპზეც ვერ ვიტყვით, რომ დიდად მაღალი იყო. სამაგიეროდ, იყო ბრძოლა და ბევრი წვრილი ჯარიმა, რომელიც დიდწილად მასპინძელთაგან მოდიოდა და სწრაფ თამაშს ხელს უშლიდა.
“ატლეტიკოს” ანგარიშის გახსნა მე-2 წუთზევე შეეძლო და ასე რომ მომხდარიყო, სულ სხვანაირ შეხვედრას ვიხილავდით, მაგრამ მცველების შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანხელ კორეამ ცუდად დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. მასპინძლებს საწყის 45 წუთში მეტი საგოლე შანსი აღარ ჰქონიათ, ხოლო სტუმრებს 32-ე წუთზე შეეძლოთ გატანა, თუმცა ტონი კროოსს სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა.
მეორე ნახევარშიც ანალოგიური თამაში მიმდინარეობდა და გუნდებს კვლავ თითო საგოლე შანსი შეექმნათ. შეცვლაზე შემოსულ კევინ გამეიროს 78-ე წუთზე გოლის გატანა რაფაელ ვარანმა არ დაანება, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. შეხვედრის ბოლოს კი კრიშტიანო რონალდუს შეეძლო გატანა, მაგრამ ლუკას ერნანდესმა უკანასკნელ წამს დაუფარა და “ატლეტიკო” დიდი უსიამოვნებისგან იხსნა – 0:0.
ამრიგად, ორივე მადრიდულმა კლუბმა 24-24 ქულა დააგროვა და ლიდერ “ბარსელონას” 10 ქულით ჩამორჩებიან, რომელმაც თავისი შეხვედრა ძალიან წყნარად მოიგო. კატალონიური გრანდი გასვლაზე “ლეგანესს” დაუპირისპირდა და ზედმეტი პრობლემების გარეშე იმარჯვა. “ბლაუგრანას” ტაიმი ლუის სუარესმა მოაგებინა, რომელმაც 28-ე წუთზე კუელარის შეცდომით ისარგებლა და დამატებაზე გაიტანა. ურუგვაელმა ფორვარდმა მე-60 წუთზე დუბლი გაიფორმა და ამჯერადაც დამატებაზე იყოჩაღა, ხოლო 90-ე წუთზე ახლო მანძილიდან პაულინიომ შეაგდო – 0:3.
“ხეტაფემ” შინ “ალავესი” მიიღო და უშანსოდ გაანადგურა, ხოლო “სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” “სელტას” უმასპინძლა და ბრძოლაში აჯობა.
ხეტაფე – ალავესი 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბერგარა (6), 2:0 მოლინა (9 პენ.), 3:0, 4:0 ანხელი (53; 64), 4:1 კ.სანტოსი (81)
ლეგანესი – ბარსელონა 0:3 (0:1)
გოლები: 0:1, 0:2 ლ.სუარესი (28; 60), 0:3 პაულინიო (90)
სევილია – სელტა 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 მ.გომესი (13), 1:1 მურიელი (36), 2:1 ნოლიტო (48)
ატლეტიკო – რეალი 0:0