ფეხბურთი

23:42 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგური სურათი: "ბაიერნი" ერთობა, დანარჩენები - წვალობენ

არაფერი იცვლება, თითქოს ჩანაწერს ვუყურებთ თავიდან – ბუნდესლიგის სცენარი ძალიან წააგავს იმას, რაც განვლილ წლებში უკვე ვნახეთ. პირველი ადგილი დაკავებულია, დანარჩენებზე კი მიდის ფიცხელი ბრძოლა.

და, ვისია ეს პირველი ადგილი, თუ არა მიუნხენის “ბაიერნის”. რა უცნაურია ფეხბურთი? თვენახევრის წინ “დორტმუნდი” “რეკორდმაისტერს” ხუთი ქულით უსწრებდა და რა ხდება ახლა? – წინ “ბაიერნია”, კონკრეტულად “ბორუსიას” 9 ქულით უსწრებს. ანუ, გამოვიდა, რომ იუპ ჰაინკესის მოსვლიდან მიუნხენელებმა მთავარ კონკურენტთან, უფრო სწორად მოჩვენებით კონკურენტთან არც ისე დიდ დროში დიდი გაქცევა მოაწყვეს + 14!

“დორტმუნდი”, რომ შავი დღეშია და როდის გამოიდარებს მის თავზე არავინ იცის, უკვე გიამბეთ. ახლა “ბაიერნზე” ვთქვათ ოიროდ სიტყვა – “აუგსბურგი” ესტუმრა “ალიანც არენას” და იმთავითვე ნათელი იყო, რომ უბრალოდ ესტუმრა, მოვალეობა მოიხადა, ექსკურსიაზე იყო, როგორც გინდათ ისე დაასათაურეთ – 3:0. ახალი იმიჯით რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და საინტერესო მიღწევა გაიმეორა. პოლონელი გერდ მიულერის მერე მეორე “ბაიერნის” ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის ზედიზედ 6 საშინაო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ლეგენდარულმა გერმანელმა ამის გაკეთება 1972-1973 წლების სეზონში მოახერხა. მანამდე კი, არტურო ვიდალმა გახსნა ანგარიში. მთავარიც, ბატონი იუპი რეკორდს რეკორდზე ამყარებს: ჰაინკესმა ბუნდესლიგაში მე-500(!) გამარჯვება იზეიმა – 174 თამაში ფეხბურთელის რანგში მოიგო, 326 – ფეხბურთელის.

მიმდინარე სეზონი შარშანდელი მარტო “ბაიერნის” ჰეგემონიით არ წააგავს. მდევარიც უცვლელია – “ლაიფციგი”. რალფ ჰასენჰუტლის გუნდი მოკალთდა მეორე ადგილზე და არგვგონია, ვინმეს რამის დათმობას უპირებდეს. “რედ ბული” ამჯერად 3 ქულას ვერ გამორჩა, მაგრამ აბა როდია ადვილი “ბაი არენაზე” გამარჯვება? – არადა, როჯერ კი იგებდნენ სტუმრები ტიმო ვერნერისა და ემილ ფორსბერგის პენალტებით, მაგრამ “ლევერკუზენმაც” გამოავლინა მებრძოლი ჟინი და ხასიათი.

ვერ დასტაბილურდა შარშანდელი სეზონის აღმოჩენა “ჰოფენჰაიმი”, რომელიც შინ “აინტრახტს” ვერ უგებს. მეტიც, “სოფლელები” აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ქულა მაინც გადაარჩინეს.

ფრეების მოყვარულმა “ვოლფსბურგმა” საკუთარ თავს უღალატა და მოიგო. “მგლებმა” შინ კატასტროფულ მდოგმარეობაში მყოფი “ფრაიბურგი” დაჯაბნეს, მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

თუ “ფრაიბურგის” სიტუაციას კატასტროფული ეთქმის, მაშინ არ ვიცით, რა ვთქვათ “კიოლნზე”... გუნდმა, რომელმაც შარშან ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, იმდენი შეძლო, რომ მეთორმეტე ტურის შემდეგ ლამი გაიფორმა ქვედა დივიზიონში გავარდნა. “თხების” საქმე მეტსახელის შესაბამისად მიდის – 12 თამაში და 2 ქულა! “კიოლნმა” ბუნდესლიგის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა იმ მხრივ, რომ 12 ტურში მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო. ძალზე მძიმე ვითარებაა “რეინენერჯზე” და მშველელიც არსაიდან სჩანს.

დღევანდელი დღის შეხვედრა კი ბერლინში შედგა და მხიარული თამაშიც გამოვიდა. თუმცა სამხიარულად საქმე მასპინძლებს ნაკლებად ჰქონდათ. აი, სტუმრებს კი, ნამდვილად. თავიდანვე გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა – “გლადბახმა” 3:0 წაიყვანა ანგარიში და ნათელი გახდა, ასეთ სოლიდურ ფორას არ გაანიავებდა. თუმცა, არც “ჰერტა” მჯდარა უსაქმოდ და მეორე ტაიმის შუაწელისთვის სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. და მაინც, “ბორუსიამ” იქვე დაუსვა წერტილი ყველაფერს რაფაელის გოლით და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

“ლევერკუზენი” – “ლაიფციგი” 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ვერნერი (13, პენ), 1:1 ბაილი (44), 1:2 ფორსბერგი (54), 2:2 ვოლანდი (74)

“ბაიერნი” – “აუგსბურგი” 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვიდალი (31), 2:0 ლევანდოვსკი (38), 3:0 ლევანდოვსკი (49)

“ჰოფენჰაიმი” – “აინტრახტი” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბოატენგი (13), 1:1 უტი (90)

“მაინცი” – “კიოლნი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბროსინსკი (43, პენ)

“ვოლფსბურგი” – “ფრაიბურგი” 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 გერჰარდტი (3), 2:0 მალი (29), 2:1 კაპუცკა (68), 3:1 მალი (70)

“ჰერტა” – “გლადბახი” 2:4 (1:3)

გოლები: 0:1 შტინდლი (5), 0:2 აზარი (14, პენ), 0:3 რაფაელი (20), 1:3 იბიშევიჩი (28), 2:3 ვეიზერი (71), 2:4 რაფაელი (77)

თეგებიბუნდესლიგა
0.381815