რეგიონული ლიგის გ ზონაში გადამწყვეტი მატჩი გაიმართა. ისე მოხდა, რომ ბოლო ტურში პირველ-მეორეადგილოსნები შეხვდნენ...”ვარკეთილი” ერთი ქულით უსწრებდა “ლოკომოტივი 2”-ს და შესაბამისად, ვარკეთილელებს ფრეც ხელს აძლევდათ.
2:2 და ამირან ლომსაძის გაწვრთნილი “ვარკეთილი” ლიგა 3-ში ითამაშებს. ვლადიმირ ვაშაძის “ლოკომოტივი 2”-საც რჩება შანსი: ჯერ დუშეთის “არაგვთან” ელის პლეი ოფი, ამ წყვილის გამარჯვებული კი ლიგა 3-ის მეთხუთმეტეადგილოსანს ეთამაშება და ვინც მოიგებს, ის მოხვდება ზედა ლიგაში.
“ვარკეთილი” საშინაო მატჩებს “ავაზაზე” ატარებს და “ლოკომოტივი 2”-თან მოსულ მაყურებლებს ერთი პატარა ტრიბუნა ვერ დაიტევდა. ზოგი ხეზე იჯდა, ზოგიც – გაზის მილზე იდგა.
სხვათა შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ თამაშს, მათ შორის, გენერალური მდივანი დავით მუჯირიც.
“ვარკეთილმა” პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში ორი გოლი გაიტანა: გიორგი ზუბიაშვილმა და გიორგი სამადაშვილმა შეაგდეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და ჯერ გიორგი წულეისკირმა შეამცირა სხვაობა, მერე კი ირაკლი ბუღრიძემ 2:2 გახადა ანგარიში. დარჩენილი იყო 9 წუთი და კიდევ მსაჯის კომპენსირებული დრო, თუმცა გოლი აღარ გასულა.
სხვათა შორის, “ვარკეთილი” წინა ორ შემთხვევაში მეორე ადგილზე გავიდა და ცოტა დააკლდა ზედა ლიგაში გადასვლამდე, ამჯერად კი წადილი აისრულა.
ლიგა 3-ში დაფინანსება 250 000 ლარია, ხოლო რეგიონულ ლიგაში – 50 000. განსხვავება აშკარაა...