კალათბურთი

14:30 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანი: “კალათბურთის ფედერაცია არჩევნების გაყალბებას ცდილობს”

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ხეცურიანმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“კალათბურთის ფედერაცია ცდილობს არჩევნები გააყალბოს. ისინი თითქმის ყველაფერს დარღვევით აკეთებენ. ჩვენმა იურისტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, რომ ფედერაციას გაესაჯაროებინა ხარჯები, მაგრამ ამაოდ – პასუხი ვერ მივიღეთ.

წელს შეიქმნა საქართველოს კალათბურთელთა გაერთიანება, რომელშიც 64 მოთამაშეა. გაერთიანებას სურდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ფედერაციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. ეს ნიშნავს, რომ კალათბურთელებს ჩამოართვეს გამოხატვის უფლება.

სხვა ბევრი უსამართლობაც ხდება ფედერაციაში – მაგალითად, კოტე ტუღუში დაითხოვეს ნაკრებიდან და ეს არაა სამართლიანი. “ქუთაისმა” კი თასის ფინალში გასვლისთვის კუთვნილი 50 ათასი ლარი ვერ მიიღო იმიტომ, რომ არჩევნებში მხარს ჩვენ გვიჭერს.

საშინელ მდგომარეობაში ბავშვთა კალათბურთიც – სხვა ქვეყნის მოქალაქეებში ფედერაცია არ უნდა დებდეს ინვესტიციას და მით უფრო მათ მილიონებს არ უნდა უხდიდეს.

სუპერლიგაშიც მძიმე მდგომარეობაა, თამაშებს 30 გულშემატკივარი თუ უსწრება. და ეს იმ ფონზე, როცა ეროვნული ნაკრები წარმატებულია, მაგრამ არ ხდება კალათბურთის პოპულარიზაცია.

მინდა, რომ კალათბურთში მასობრიობა გაიზარდოს. აუცილებელია, ბევრი კალათბურთელი გვყავდეს. ასევე საჭიროა მსაჯების კვალიფიცირება და ფინანსების სწორი მართვა. მარკეტინგიც და პიარიც მნიშვნელოვანია.

პაატა გურასპაული ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ არაა ფედერაციის კანდიდატი. კანონი არ კრძალავს სიცრუეს, მაგრამ მორალი ხომ არსებობს... არ ვიცი ახლა როგორ გააყალბებენ არჩევნებს, მაგრამ ფაქტია ეს სურთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ და დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად შევძლებთ მოვიგოთ არჩევნები”, - განაცხადა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ჯერჯერობით კანდიდატურა ოფიციალურად მხოლოდ შიო ხეცურიანმა წარადგინა, მისი კონკურენტები კი დიდი ალბათობით პაატა გურასპაული და კახა შენგელია იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114222