იტალიის ეროვნულ ნაკრებს დიდი ალბათობით რობერტო მანჩინი ჩაიბარებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იტყობინებიან.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა კი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს, თუმცა აღნიშნულ პოსტზე მისი დღეები რომ დათვლილია, ამაზე იტალიაში არც არავინ კამათობს.
ვენტურას შესაძლო შემცვლელთა შორის ფავორიტად კარლო ანჩელოტი დასახელდა, თუმცა როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით კვლავ საკლუბო დონეზე აპირებს მუშაობის გაგრძელებას, ამიტომ ყველაზე მისაღები კანდიდატი რობერტო მანჩინი გახდა.
“ზენიტის” იტალიელ თავკაცს რუსულ კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, მანჩინი კლუბთან შეთანხმებით სანქტ პეტერბურგს დატოვებს და იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე განიხილებოდა მასიმილიანო ალეგრის (“იუვენტუსი”), ანტონიო კონტეს (“ჩელსი”) და ლუიჯი დი ბიაჯოს (იტალიის 21 წლამდელები) კანდიდატურები.