ძიუდო

19:30 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო პოდიუმი ქართველების გარეშე შეივსება

მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს 2017 წლის აბსოლუტურ ჩემპიონატზე ძიუდოში, მამაკაცებს შორის მედლებისთვის ბრძოლაში ორმოცი სპორტსმენი ჩაერთო. მათ შორის ოთხი ქართველიც, მაგრამ... ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ. სამმა მათგანმა საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი სულაც პირველსავე შეხვედრაში დაკარგა.

ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ინტრიგა გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის დაპირისპირება იყო. 22 წლის ქართველი მძიმეწონოსნისა და თანამედროვე მსოფლიო ძიუდოს სუპერვარსკვლავის დაპირისპირებას არა მარტო ქომაგები, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაც კი უდიდესი ინტერესით ელოდა და სპეციალური ვიდეო-რგოლიც მიუძღვნა. ოლიმპიური თამაშების 2-გზის, მსოფლიოს 9-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონმა ფრანგმა გოლიათმა ევროპის მოქმედ ჩემპიონის რანგში მოჭიდავე თუშიშვილს ორიოდ თვის წინ, ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, დაძაბულ ბრძოლაში, "ოქროს დროში” მოპოვებული ვაზარით აჯობა.

რევანში ვერ შედგა. გურამ თუშიშვილმა შეხვედრის დასაწყისში ორჯერ ძალიან სახიფათოდ შეუტია, მაგრამ რინერმა თავი კარგად დაიცვა. ცოტა ხანში თავად გააქტიურდა და ვაზარითაც დაწინაურდა. შეხვედრის მიწურულს კი კონტრ-ილეთით კიდევ ერთი ვაზარი აიღო და მერვედფინალში გავიდა.

ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანიც მეორე წრიდან ჩაებნენ საქმეში.

ოქრუაშვილმა ჩემპიონატი უკრაინელ ოლეკსანდრ გორდიენკოსთან შეხვედრით დაიწყო და დაასრულა. მესამე წუთის მიწურულს ევროპის 2015 წლის ქართველი ჩემპიონი ვაზარიზე დავარდა. ნახევარ წუთში კი ილეთი ვერ დაასრულა და შებოჭვაზე მოყვა.

ვარლამ ლიპარტელიანმა იაპონელ მძიმეწონოსანთან - კოკორო კაგეურასთან მარცხით დაკარგა მედლის შანსი. უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, ევროპის სამგზის ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი ორი შიდოს უპირატესობას ფლობდა. დამატებითშიც აქტიურად უტევდა, მაგრამ მოულოდნელად, შებოჭვაზე წამოეგო.

მეთექვსმეტედფინალი ქართველთაგან მხოლოდ მატიაშვილმა გადალახა - უკრაინელი ანდრეი კოლესნიკი "ოქროს დროში” დასცა ბეჭებზე. მერვედფინალში კი ლევანი ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდა და საფინალო გონგამდე 3 წამით ადრე დავარდა ვაზარიზე.

მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ძიუდოისტი აგრძელებს. ნახევარფინალში ტედი რინერი კუბელ ენდი გრანდას დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურის ბედი კი ტომა ნიკიფოროვისა და კოკორო კაგეურას შეხვედრაში გადაწყდება.

მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ნახევარი მილიონი დოლარია. მამაკაცებშიც და ქალებშიც ჩემპიონებს 100-100 ათასი ევრო ერგებათ. ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები კი 50 და 25 ათას ევროს მიიღებენ.

0.126699