ფეხბურთი

18:44 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

U19: ფრე ანდორასთან...

დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ფარერის კუნძულებთან დამარცხდა და მაშინ ბევრმა იფიქრა, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო? – თუმცა, გავიდა თვე და მოხდა. დიახ, ამჯერად უკვე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთა “ისახელა” თავი – ვერ მოურგო რა, ანდორის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს...

ამით ყველაფერი ნათქვამი და ეს, ის შემთხვევაა, როდესაც რამის თქმასაც აზრი დაკარგული აქვს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გიორგი ყიფიანის გუნდი, ის გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების ხვალიდნელი დღეა მოუგებლად ასპარესობს. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რომ საქართველო ანდორას თამაშით ჯობდა და უფრო მეტი საგოლე შანსი ჰქონდა, ვიდრე მეტოქეს – ტაბლოზე სხვა რამ დაფიქსირდა და ეს სულაც არ არის სახუმარო თემა.

გავიხსენოთ, რომ პირველ ტურში ქართველებმა მასპინძელ ბოსნიასთან განიცადეს მარცხი, რომელიც თითქმის მთელი თამაში კაცნაკლული იყო მოედანზე, ამჯერად უკვე უსუსტესი ანდორაც ვერ გამოდგა ჩვენი საკბილო. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ნინუამ გახსნა პენალტით – მეკარე შეეხო ბურთს, მაგრამ საკუთარი კარი ვერ გადაარჩინა. იქვე, დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გასახდელს გზას გაუდგა.

და მაინც, ის, რომ საქართველომ მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა, ვერ გამოდგება თავის გასასამართლებლად. მეტოქე ანდორა იყო და ამით ყველაფერია ნათქვამი. ყიფიანის გუნდმა გოლი 86-ე წუთზე გაუშვა: სამპერმა შორი დისტანციიდან დაარტყა, ვერავინ დაუფარა და არც მეკარეს ეკავა მაინც და მაინც სწორი პოზიცია – 1:1.

ანგარიში, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩაგვახედა სარკეში და მწარე რეალობა დაგვანახა. და, თუ რა არის ჩვენი რეალობა, ეს კარგად გამოჩნდა ქართული ფეხბურთის ბოლო დროინდელი წარუმატებლობებიდან და მეტწილად, სხვა და სხვა ასაკობრივი ნაკრებების შედეგებიდან.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 14 ნოემბერს, ჯგუფის ლიდერ საფრანგეთთან გამართავს.

საქართველო (U19) – ანდორა (U19) 1:1 (1:0)

უგლევიკი, “ნოვი გრადსკი”

საქართველო (4-3-3): გუგეშაშვილი; მალი, ასათიანი (ინჯია 90), ჯინჯოლავა, ხარაბაძე; დარციმელია, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), დავითაშვილი; ნინუა, ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 61), კვარცხელია

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

ანდორა (5-4-1): იკერი; ფუსტერი, კასტილიო (კაბანესი 84), გარსია, ტორესი, ბრიალი; და სილვა (ვალერო 67), სამპერი, რამოსი (ბალეტბო 58), რებელო; ფერნანდესი

მწვრთნელი: ხესუს ლუსენდო

გოლები: 1:0 ნინუა (43, პენ), 1:1 სამპერი (86)

გაფრთხილება: დარციმელია (16, 45) – რამოსი (44), და სილვა (64), ვალერო (76), სანს ბრიალი (81), იკერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 27 (13) – 8 (2) კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ტიმ მარშალი (ჩრდ. ირლანდია)

0.116002