მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ყველაზე საინტერესო შეხვედრა სტოკჰოლმში გაიმართება, სადაც შვედეთის ნაკრები იტალიას დაუხვდება.
იტალიის ნაკრები რასაც წარმოადგენს ყველამ კარგად იცის და ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ, მხოლოდ ორ ფაქტს ვიტყვით: “სკუადრა აძურა” მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია და უკანასკნელად მუნდიალმა მის გარეშე 60 წლის წინ, შორეულ 1958 წელს ჩაიარა.
თუმცა, ხელწამოსაკრავი გუნდი არც შვედეთია. მართალია, მსგავსი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია, მაგრამ საამაყო შედეგები მაინც აქვს: 1958 წლის მუნდიალზე შვედებმა ფინალს უწიეს, სადაც პელეს ბრაზილიასთან დამარცხდნენ. 1950 და 1994 წლებში კი მესამე ადგილი მოიპოვეს.
ორი აზრი არაა, რომ იტალიის ნაკრები ამ წყვილში ფავორიტია. აპენინის ნახევარკუნძულის წარმომადგენელს ბევრად ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც არაერთი ვარსკვლავითაა დაკომპლექტებული, რასაც სკანდინავიელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, შვედებს ვარსკვლავი აღარ დარჩათ და მათი კოლექტივი უმეტესად საშუალო დონის მოთამაშეებს წარმოადგენს.
უნდა ითქვას, რომ ორივე ნაკრები შესარჩევში საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. იტალია ესპანეთთან ერთად იყო, რომელსაც სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 5 ქულით ჩამორჩა. შვედეთის ნაკრები კი საფრანგეთთან და ჰოლანდიასთან იმყოფებოდა. სკანდინავიელები ფრანგებს 4 ქულით ჩამორჩნენ, სამაგიეროდ, ჰოლანდიას აჯობეს და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.
რაც შეეხება დღევანდელი მატჩისთვის მდგომარეობას. შვედებს მიკაელ ლუსტიგი დისკვალიფიცირებული ჰყავთ, ხოლო ჯიმი დურმაზის თამაში საეჭვოა. სტუმართა მხრიდან ლეონარდო სპინაცოლა იუქმებს და სიმონე ძაძას თამაშია საეჭვო.
გეტყვით, რომ შვედეთი და იტალია ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 6 შეხვედრა შვედეთმა მოიგო, 6 ფრედ დასრულდა და 11 იტალიელთა გამარჯვებით. ბურთების შეფარდება: 24:28. მათი გზა უკანასკნელად 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე გადაიკვეთა და "სკუადრა აძურამ" 1:0 იმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
23:45 შვედეთი – იტალია
სტოკჰოლმი, “ფრენს არენა”
შვედეთი (4-4-2): რ.ოლსენი, ლინდელოფი, გრანქვისტი, აუგუსტინსონი, კრაფტი, იოჰანსონი, ეკდალი, ლარსონი, ფორსბერგი, ბერგი, ტოივონენი.
მწვრთნელი: იან ანდერსონი
იტალია (3-5-2): ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, ბარძალი, როსი, პაროლო, ვერატი, დარმიანი, კანდრევა, ბელოტი, იმობილე.
მწვრთნელი: ჯან პიერო ვენტურა
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)