“ნამდვილი კავალერი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს”, - ალბათ, იმ დროს, როცა ალესანდრო დელ პიერო ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, ვერ წარმოედგინა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც მას იმავე “ქალბატონის” შეფები ეტყოდნენ, რომ ზედმეტი იყო... და მერე, ეს დღეც დადგა...
2011 წლის ოქტომბრის თვეში გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ საჯაროდ თქვა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ნამდვილი კავალერი დატოვებდა. უცნაურია, აგერ ხუთ წელიწადზე მეტი გავიდა და ვინ იცის, ვისთვის როგორ შეიცვალა “ბებერი ქალბატონი”.
ჩვენში ბევრნი არიან ისეთები, რომლებმაც ამ ჩინებული იტალიური გუნდის გულშემატკივრობა სწორედაც “პინტურიკიოს” გამო დაიწყეს და ახლაც აგრძელებენ, მაგრამ ბევრისთვის საფეხბურთო წამი მაშინ გაჩერდა, 2012 წლის 20 მაისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე – აქ ჩაატარა დელ პიერომ “იუვეს” შემადგენლობაში ბოლო, 705-ე თამაში და გაუშვეს...
მანამდე გამოსათხოვარი შეხვედრა იყო ერთი კვირით ადრე ტურინში, “ატალანტასთან”, სადაც კაპიტანმა ასე ნანატრი სკუდეტო აღმართა, მანამდე ბოლო, 289-ე ტურინული გოლიც შეეგდო და როცა მე-60 წუთზე შეცვალეს, თამაშიც იქ დამთავრდა. ლეგენდა თავის ქომაგებს ემშვიდობებოდა, სტადიონს წრეს არტყამდა, მისი მიმართულებით კი ხან რა ცვიოდა, ხან რა... რაღა თქმა უნდა, დადებით და სასიყვარულო კონტექსტში. იმ დღეს “იუვენტუს სთედიუმის” ტრიბუნები ტიროდა, რადგან ემშვიდობებოდა საკუთარ ისტორიას. ჰო, არ ვაჭარბებ, “იუვენტუსს” უდიდეს ისტორია გააჩნია, მაგრამ ალესანდო დელ პიეროზე დიდი ისტორია ამ გუნდს არ ჰქონია. აქ საქმე მხოლოდ გატანილ გოლებში, ჩატარებულ მატჩებსა და მოგებულ ტიტულებში არაა. საქმე ისაა, რომ დელ პიეროს “იუვენტუსი” უყვარდა და არც მაშინ მიუტოვებია, როცა ყველაზე მეტად უჭირდა. სწორედ მაშინ თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომლითაც დღევანდელი წერილი დავიწყე...
როგორც მოგვიანებით ანდრეა პირლომ თქვა, იმ დღეს სტადიონის გასახდელმაც იტირა, დელ პიერო სახლიდან მიდიოდა, მიდიოდა, მაგრამ თან რჩებოდა... იმავე პირლოს დავესესხოთ და გავიხსენოთ:
“ბოლო დღეებში ნერვიულობდა. ცდილობდა ეს გადაეფარა, მაგრამ არ გამოსდიოდა. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, ან ნამდვილი ადამიანი ხარ, ან მსახიობი. ალესანდრო კი კარგი ადამიანი და ძალიან ცუდი მსახიობია”, - ასე იხსენებს პირლო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ალექსის ბოლო ტურინულ დღეებს.
ისე, “იუვენტუსში” რეკორდი არ დარჩენილა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირს რომ არ მოეხსნა, მაგრამ რომ არა 1998 წლის 8 ნოემბერს მიღებული მძიმე ტრავმა უდინეს ავადმოსაგონარ ცივი შემოდგომის დღეს, ვინძლო, ახლა გაცილებით დიდ მიღწევებზე გვესაუბრა. ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში სულ რაღაც 24 წლის ალექსი მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვალებში თავის ადგილს დღითიდღე მყარად იმკვიდრებდა. და მაინც, დელ პიეროს სახელი საფეხბურთო მატიანეში ოქროს ასოებით შემოინახება.
მის კარიერაში ორი ჩინებული მომენტიც მაგონდება: 2008 წლის 5 ნოემბერს, როცა “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალს” მისსავე მოედანზე მოუგო კაპიტნის ფენომენალური თამაშით, მრავლისმნახველი მადრიდდული ინჩასა მას ფეხზე წამოდგარი უკრავდა ტაშს და ისე აცილებდა მწვანე მოედნიდან. იგივე პატივი იტალიელს არანაკლებ ცნობილ სტადიონზე მიაგეს – მანჩესტერის “ოცნების თეატრში”, “ოლდ ტრაფორდზე”... ასეთი პატივი ბევრს არ ღირსებია და ეს უდავოდ მიანიშნებს იმაზე თუ რაოდენ დიდი იყო დელ პიეროს პერსონა...
უცნაურია, თითქოს ალესანდროს სხვა გუნდის მაისურში ხილვა ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ “იუვეს” შემდეგ ავსტრალია და ინდოეთი იყო... როგორც ამბობენ, კაპიტანმა ევროპიდან წასვლა იმიტომ არჩია, რომ არ სურდა, სადმე, როგორმე საკუთარ თავს დაპირისპირებოდა, ანუ, “იუვენტუსის” წინააღმდეგ ეთამაშა... საფეხბურთო კარიერა შორეულ ინდოეთში დაასრულა და უცნაურია, თუმცა "ბებერი ქალბატონის" რიგებში მისთვის არცერთ პოსტზე სამუშაო ვერ გამოიძებნა და დღეს დელ პიერო Sky Sport-ის სპორტული მიმომხილველია.
ბოლოსკენ ის გავიხსენოთ, რომ 13 მაისს, დღე, როდესაც სახლში ბოლოჯერ ითამაშა, ჟურნალისტის კითხვას თუ რას გრძნობდა უკანასკნელი მატჩის შემდეგ, ალექსმა მახვილგონივრულად უპასუხა: ერთ კვირაში კიდევ ვითამაშებ და დღეს მხოლოდ ჩემპიონატის ბოლო თამაში იყოო...
მას არასდროს მოუგია “ოქროს ბურთი”, თუმცა მერე რა, დიდი მნიშვნელობა არც ამას აქვს, მის წონასა და ფასს ვერც ამ ჯილდოს ვერმოპოვება ფარავს. ზუსტად ამაზე, რობერტო ბაჯომ, იმ ბაჯომ, რომლისა და დელ პიეროს გზები ხშირად კვეთდა ერთმანეთს საინტერესო რამ თქვა: “ფეხბურთის ნამდვილი სკანდალი 2006 წლის “კალჩოპოლი” კიარა, დელ პიეროს ჯილდოებში “ოქროს ბურთის” არ არსებობაა”, - უთქვამს რობერტოს...
ალესანდროსა და “იუვენტუსის” შავ-თეთრმა, მაგრამ თან ფერადმა სიყვარულმა 19 წელიწადს გასტანა და “ბებერ ქალბატონის” ისტორიაში თავისი ფურცელი ცალკე დაწერა... სხვა თუ არაფერი, “იუვეს” ქომაგთა არმიას მილიონობით ადამიანი შემატა...
ზუსტად 43 წლის წინ, კონელიანოში იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული მხატვარი დაიბადა..