შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ ეროვნული გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ ნაკრების მიმართ გულშემატკივართა და ჟურნალისტთა მხრიდან მოთხოვნები შემცირდა.
“ახლა შვედეთის ნაკრები ზეწოლის გარეშე თამაშობს, რადგან ჩემი წასვლის შემდეგ ამ გუნდისგან განსაკუთრებულ შედეგებს აღარ ელიან. როცა მე ვთამაშობდი, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების მხრიდან გაცილებით დიდი მოთხოვნები იყო. ყველაფრის მიუხედავად, შვედეთის ნაკრები ბრძოლისუნარიან გუნდად რჩება. ფეხბურთელები გამოცდილებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ამბიციურები არიან და მხრებზე არანაირი ტვირთი არ აწვთ” - აცხადებს იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც შვედეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 116 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი. სანაკრებო კარიერა ზლატანმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.
შვედეთის ნაკრები ახლა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის და პლეი ოფში მეტოქედ იტალიის ნაკრები ჰყავს. შვედები იტალიელებთან პირველ მატჩს 10 ნოემბერს საკუთარ მოედანზე გამართავენ, საპასუხო თამაში კი 13 ნოემბერს მილანში ელით.