ფეხბურთი

18:41 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამოუყენებელი შანსი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა წაგებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. გიორგი ყიფიანის გუნდს ტაიმზე დიდი ხნის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვერაფერში ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, მასპინძელ ბოსნიასთან 0:1.

87-ე წუთი იყო, როცა ბოსნიელთა მარჯვენა მცველი გაზიბეგოვიჩი შეიჭრა საჯარიმოში, გზად ლევან ხარაბაძე მოატყუა და ახლო კუთხეში, ცხრიანში დაურტყა ლუკა გუგეშაშვილს. ყველაფერი მაგრად შეასრულა ბოსნიელმა, რომელიც მანამდეც გამოირჩეოდა...

გაზიბეგოვიჩი “ზალცბურგის” 19-წლამდელებშია, ამ გუნდმა კი წლეულს უეფას ახალგაზრდული ლიგა მოიგო.

არადა, დასაწყისი მშვენიერი იყო. მსაჯმა ბოსნიელთა უხეშობაზე თვალი არ დახუჭა და შაბანაჯოვიჩი მე-16 წუთზე გააძევა ორი გაფრთხილების გამო. ველოდით, რომ რიცხობრივ უპირატეოსობას თამაშშიც ასახავდნენ ჩვენები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ბოსნია 10 კაცით იყო, ორჯერ შევაწუხეთ მეკარე: ერთხელ გიორგი ჯინჯოლავას აუღო შორიდან დარტყმული, მეორედ კი ბექა ქავთარაძის თავური მოიგერია.

მეორე ტაიმის შუაში კი გიორგი კუცია გააძევეს. ვერ გეტყვით, იმ ეპიზოდში რა მოხდა, რადგან კარგად არ გამოჩნდა, მაგრამ ბოსნიელი ფეხბურთელი მინდორზე იწვა და ექიმს უხმობდა.

კუცია აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა?! აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე, კაცნაკლული ბოსნიისთვის უნდა გაგვეტანა...

დარჩენილ დროში თითქოს ჩვენები უფრო უტევდნენ, მაგრამ დიდად სახიფათოს ვერაფერს ქმნიდნენ. კარგად შევიდა ზურიკო დავითაშვილი, აქტიურობდა და სიმწვავეს მატებდა თამაშს, თუმცა ამაოდ. ბოსნია კი კონტრშეტევებზე “იკბინებოდა” და გუგეშაშვილმა ორჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა. ბოლოს, 87-ე წუთზე უძლური გახდა.

ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა არ ღირს, რადგან აგებს გუნდი და იგებს გუნდი. ჯგუფიდან გასვლის შანსებზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ – წინ ანდორასთან და საფრანგეთთან თამაშებია, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და კიდევ, 13 ჯგუფიდან ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

19-წლამდელები. ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო

ბიელინა. ეთნო სელო

ბოსნია – საქართველო 1:0 (0:0)

ბოსნია: კარუნიჩი, გაზიბეგოვიჩი, ბეშირევიჩი, ჩელიკოვიჩი, სადიკუ, დანილოვიჩი, სმაიჩი (ჩატიჩი 70), შაბანაჯოვიჩი, ნედიმ ჰაჯიჩი (რესიჩი 83), კოსანიჩი (მუსტაფიჩი 74), ბენჟამინ ჰაჯიჩი

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ნინუა, დარცმელია, კუცია, ქოჩორაშვილი (კვარაცხელია 90), ზარიძე (დავითაშვილი 65), ქავთარაძე (ინჯგია 83)

გოლი: 1:0 გაზიბეგოვიჩი (87)

გაფრთხილება: შაბანაჯოვიჩი, შაბანაჯოვიჩი, დანილოვიჩი – მალი, ასათიანი

გაძევება: შაბანაჯოვიჩი (16) – კუცია (67)

მსაჯი: ავრამი (რუმინეთი)

ამ ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა 7:0 სძლია ანდორას.

მომდევნო ტური კი 11 ნოემბერს გაიმართება და ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება: საფრანგეთი – ბოსნია, ანდორა – საქართველო

0.11555