რუსეთი, ბრაზილია, ირანი, იაპონია, მექსიკა, ბელგია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, ნიგერია, კოსტა რიკა, პოლონეთი, ეგვიპტე, ისლანდია, სერბეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, არგენტინა, კოლუმბია, ურუგვაი, პანამა – ეს იმ გუნდთა ჩამონათვალია, რომელთაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე ოფიციალურად გაიფორმეს. შესაბამისად, ხსენებული 23 ნაკრებისთვის ნოემბრის სანაკრებო დღეები უმნიშვნელოა და მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპისთვის თუ გამოდგება.
სამაგიეროდ, ჯერ კიდევ გასათამაშებელია 9 საგზური და სწორედ ამის შემდეგ დაკომპლექტდება სრულად მუნდიალი 2018.
დღევანდელ წერილში სწორედ იმ მატჩებისა და იმ გუნდების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც იბრძვიან, რომ რუსეთში გასამაგზავრებელ ბილეთებზე არ დააგვიანდეთ.
ევროპა
ევროპისთვის 13 ადგილი იყო გამოყოფილი და ცხრა უკვე დაკავებულია. დარჩენილი ოთხი ადგილისთვის კი რვა ნაკრები იბრძვის. ყველაფერი მარტივადაა. პლეი-ოფი მიმოსვლით და ორმატჩიანი რაუნდი გადაწყვეტს ყველაფერს.
ყველაზე საინტერესო წყვილი იტალია – შვედეთია. მუნდიალზე მოხვედრის პრეტენზია ბუნებრივია ორივე გუნდს აქვს. “სკუადრა აძურასთვის” რუსეთს მიღმა დარჩენა კატასტროფის ტოლფასი იქნება, ამბიციური გუნდია შვედეთიც და ეს შესარჩევ ციკლში დაამტკიცა, როცა ჰოლანდია უკან მოიტოვა. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 2016-ზე შეხვდნენ და მაშინ ტულუზაში აპენინელებმა ედერის გვიანი გოლით მოიგეს. ასევე იტალიამ იმარჯვა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე (2:1), ხოლო ოთხი წლის მერე ფრე დაფიქსირდა (1:1). სხვათა შორის, ევრო 2004 იტალიას მწარედ ახსოვს. ბოლო ტურში ერთმანეთს დანია და შვედეთი ხვდებოდნენ და თუ მატჩი ფრედ (2:2 ან მეტი ანგარიშით) დასრულდებოდა, იტალია შედეგის მიუხედავად ჯგუფში რჩებოდა. ასეც მოხდა, სკანდინავიელებმა 2:2 გააგორეს და “სკუადრა აძურა”, რომელიც ევროფორუმის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა შინ გაისტუმრეს. ჰოდა, ახლა იტალიელებს რევანშის ჩინებული შანსი მიეცათ. პირველი მატჩი 10 ნოემბერს, სტოკჰოლმში, ხოლო საპასუხო სამი დღის თავზე მილანში გაიმართება.
ხორვატია – საბერძნეთის წყვილიც საინტერესოა. ერთი შეხედვით ბალკანელები ფავორიტად სჩანან, მაგრამ არც ბერძენთა ჩამოწერა ივარგებს. ეს არაერთხელ დაუმტკიცებია საბერძნეთის ნაკრებს. თანაც, როგორც ხორვატიას ჰყავს კვალიფიცირებული ფეხბურთელები, არც ელადელები უჩივიან ნაკლებობას. პირველი მატჩი ზაგრებში 9 ნოემბერს შედგება, მეორე კი ათენში 12 ნოემბერს.
შვეიცარია – ჩრდილოეთ ირლანდია. ამ უკანასკნელს ჩინებული შანსი აქვს ისტორია დაწეროს და ევროპის ჩემპიონატის მერე მიჯრით მსოფლიოსაც უწიოს. ჩრდ. ირლანდიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ნორმალურად ჩაატარეს – ჩეხეთისა და ნორვეგიის ნაკრებებს გადაახტნენ. ვნახოთ, ეყოფათ თუ არა ძალა იმ შვეიცარიის დასამარცხებლად, რომელმაც შესარჩევი ციკლი 27 ქულით დაასრულა და მხოლოდ ლისაბონში დაკარგა ქულები. ამ გუნდთან მატჩი ჯერ ბელფასტშია ჩანიშნული (9 ნოემბერს), მერე კი ბაზელში (12 ნოემბერს).
ევროპაში კიდევ ერთი წყვილია: ირლანდია – დანია. ბევრის აზრით, ყველაზე თანაბარი წყვილი სწორედ ესაა. ამაში კი სიმართლის მარცვალი მართლაცაა. დანია შესარჩევში მხოლოდ პოლონეთს ჩამორჩა, ირლანდია კი ჩვენთვის კარგად ნაცნობია. საქართველოს ნაკრების ჯგუფში იყო და თბილისში ქულებიც დაკარგა. პირველი თამაში 11 ნოემბერს კოპენჰაგენში შედგება, მეორე სამ დღეში დუბლინში.
პლეი-ოფი ევროპის მიღმა
კიდევ ორი საპლეი-ოფო მატჩი გველოდება, ოღონდ ევროპაში არა. პერუს ნაკრებს დიდებული შანსი აქვს 1982 წლის შემდეგ პირველად გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამხრეთამერიკელებმა შესარჩევი ციკლი ბევრისთვის მოულოდნელად ერთი ამოსუნთქვით განვლეს და მეხუთე ადგილზე გავიდნენ. პერუს ნაკრების ბოლო წინაღობა მუნდიალის გზაზე ახალი ზელანდიის ნაკრებია. ვერ ვიტყვით, რომ ზელანდიელები პერუს რამეში აღემატებიან, მაგრამ ბოლო ორი მუნდიალის თამაშის გამოცდილება ზურგს ნამდვილად უმაგრებთ. პირველი მატჩი ახალ ზელანდიაში 9 ნოემბერს, ხოლო მეორე ერთი კვირის თავზე ლიმაში გაიმართება.
ავსტრალიის ნაკრები კი ჰონდურასის ბარიერს შეეჭიდება. “კენგურუები” ბოლო დროს მუნდიალზე მუდმივად თამაშობენ, მაგრამ ამჯერად აზიის შესარჩევში მხოლოდ პლეი-ოფის ადგილს გამოჰკრეს ხელი და ახლა ცოტა შორი გზით უწევთ რუსეთში ჩასვლა. თავის მხრივ, ჰონდურასი, რომელმაც 2014 წელს უკვე ითამაშა პლანეტის პირველობაზე, არაფერს დათმობს. თანაც, მან ხომ თვით აშშ-ს ნაკრებს აჯობა და იანკები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა.
აფრიკა
დანარჩენი სამი გუნდის ვინაობა კი აფრიკის შესარჩევიდან უნდა გაირკვეს. ორი უკვე ცნობილია – ნიგერია და ეგვიპტე. რაც შეეხება დანარჩენებს:
ტუნისის ნაკრები ფაქტობრივად უკვე მუნდიალზეა, რადგან სამი ქულით უსწრებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და ბოლო ტურში წაგების შემთხვევაშიც კი აქვს შანსი, რომ რუსეთში გაემგზავროს. ტუნისელები შინ აუტსაიდერ ლიბიას მიიღებენ. ეს ვითარება A ჯგუფშია.
D ჯგუფში ოდნავ უფრო დაძაბული ვითარებაა – სამი გუნდი ინარჩუნებს შანსს. კაპე ვერდეს და ბურკინა ფასოს 6-6 ქულა აქვთ და ერთმანეთს ხვდებიან ბოლო ტურში. თუ მატჩი ფრედ დასრულდება, მუნდიალზე ავტომატურად სენეგალის ნაკრები გავა. მაგრამ, თუ რომელიმე მოიგებს, მაშინ სენეგალელებს დასჭირდებათ ქულები. სხვათა შორის, 2002 წლის მუნდიალის მთავარ აღმოჩენას 8 ქულა აქვს და ორი მატჩი გასამართი. ორივე აუტსაიდერ სამხრეთ აფრიკასთან და ორი ქულა რომ მოიპოვოს, ნამდვილად მიიღებს საგზურს. თუმცა შესაძლოა 1 ქულაც ეყოს და მეტიც, უქულოდ თუ დარჩება აღნიშნულ ორ შეხვედრაში, მაინც რჩება ვარიანტი (ფრე ჯგუფის მეორე მატჩში).
ყველაზე დაძაბული სიტუაცია კი C ჯგუფშია – შანსი ორ გუნდს აქვს, მაროკოსა და კოტ დივუარს. სხვაობა ერთი ქულაა მაროკოელთა სასარგებლოდ და ბოლო ტურში 11 ნოემბერს, ერთმანეთში გაარკვევენ ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელს. ფაქტობრივად ფინალია, რომელსაც კოტ დივუარი უმასპინძლებს.
მოკლედ, ცოტაც და მუნდიალი სრულად დაკოპლექტდება. იქამდე კი ბევრი ვნებათაღელვა გველოდება.