საფრანგეთის ლიგა 1-ის XI ტურში “ლიონმა” “სენტ ეტიენი” მისსავე მოედანზე 5:0 გაანადგურა. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს გუნდები ერთმანეთთან არცთუ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან და მეტიც, ფანებს ერთმანეთი დასანახად ეზიზღებათ.
85-ე წუთზე ნაბილ ფეკირმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გოლი პროვოკაციულად აღნიშნა. ისედაც გაღიზიანებული მასპინძელი ქომაგები წყობიდან საერთოდ გამოიყვანა – გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და ფანების წინ გამოფინა, ლიონელ მესის სტილში. ეს კი, “მწვანეების” ემოციურმა ქომაგებმა ვერ აიტანეს და მოედანზე შეიჭრნენ. მატჩი შეწყდა, თუმცა პოლიციის ჩარევის შედეგად, მალევე განახლდა და საბოლოოდ დასრულდა კიდეც – 5:0 “ოლიმპიკის” გამარჯვებით.