ლა ლიგის მე-11 ტურის მესამე სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი “რეალი” შინ გასავარდნ ზონაში მყოფ “ლას პალმასს” დაუხვდა და იოლად იმარჯვა.
მადრიდულმა გრანდმა ერთი კვირის განმალობაში ორი შეხვედრა წააგო და კიდევ ერთ წაბორძიკებას ქომაგები აღარ აპატიებდნენ, თანაც “ლას პალმასთან”, რომელიც შარშანდელი გუნდის აჩრდილიც აღარაა. კიკე სეტიენის ხელში ეს იყო კარგად ორგანიზებული გუნდი, სადაც ყველამ თავის საქმე იცოდა, მაგრამ წელს კანარული კლუბის რიგებში მსგავსი არაფერია და შედეგიც სახეზეა: “ყვითლები” 6 ქულით მე-19 ადგილზე არიან და ლა ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი (28) აქვთ გაშვებული.
“სამეფო კლუბი” მთელი შეხვედრის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გაცილებით დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ მხოლოდ სამი მომენტი აქციეს გოლად. კანარელები იმასთან ახლოს იყვნენ, რომ შესვენებას მდევრის როლში არ შეხვედროდნენ, მაგრამ კასემირომ 41-ე წუთზე მცველების უყურადღებო თამაშით ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
56-ე წუთზე მარკო ასენსიომ შორიდან უძლიერესად გაისროლა და მორიგი ჯადო-გოლი გვაჩუქა, ხოლო 74-ე წუთზე მადრიდელთა ბრწყინვალე კონტრშეტევა ისკოს გოლით დასრულდა, რომელსაც საგოლე გადაცემა კრიშტიანო რონალდუმ გაუკეთა, ლა ლიგაში 84-ე შედეგიანი პასი დაუგროვდა და ამ მხრივ რაულს გადაუსწრო.
“რეალს” 23 ქულა აქვს და “ატლეტიკოსთან” ერთად 3-4 ადგილებს იყოფს. “ბლანკოსი” “ვალენსიას” ოთხი, ხოლო “ბარსელონას” რვა ქულით ჩამორჩება.
ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო დებიუტანტმა “ხირონამ”, რომელმაც “სიუდად დე ვალენსიაზე” “ლევანტე” დაამარცხა. ვალენსიელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა მალევე აურიეს და 22 სექტემბრის (მე-5 ტურის) შემდეგ აღარ მოუგიათ.
“სელტამ” “ბილბაოს” უმასპინძლა და შეხვედრის ბედი მალევე გადაწყვიტა: გალისიელები ნახევარი საათის შემდეგ იაგო ასპასის დუბლით და სერხი გომესის გოლით ბასკებს ანადგურებდნენ. სტუმრებმა ერთადერთი რაც მოახერხეს, პრესტიჟის ბურთის გატანაა, რომელიც 38-ე წუთზე რაულ გარსიამ შეაგდო.
“ვილიარეალმა” სანსონეს დუბლით საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან “მალაგას” აჯობა, ხოლო “ანოეტაზე” გამართულ ბასკურ დერბიში “სოსიედადმა” “ეიბარი” დამაჯერებლად დაამარცხა.
ლევანტე – ხირონა 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ბ.გარსია (58), 0:2 სტუანი (83), 1:2 უნალი (92)
სელტა – ბილბაო 3:1 (3:1)
გოლები: 1:0 ს.გომესი (16), 2:0, 3:0 ასპასი (22; 26), 3:1 რ.გარსია (38)
სოსიედადი – ეიბარი 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (12), 2:0 იანუზაი (28), 3:0 ოიარზაბალი (46), 3:1 ხორდანი (72)
ვილიარეალი – მალაგა 2:0 (0:0)
გოლები: სანსონე (68; 76)
რეალი – ლას პალმასი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 კასემირო (41), 2:0 ასენსიო (56), 3:0 ისკო (74)