ესპანურმა “უნიკახამ” ევროლიგაში წარუმატებელი სერია შეწყვიტა და გამარჯვება მოიპოვა. ანდალუზიელებმა მეხუთე ტურში სტუმრად “ანადოლუ ეფესს” აჯობეს დაძაბულ ბრძოლაში (79:74).
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო პერიოდი, რომელშიც “უნიკახამ” მეტოქე აშკარად დაჯაბნა და 26:15 მოუგო. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა.
ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მთლიანობაში 14:46 წუთი ითამაშა. გიორგიმ ხსენებულ დროში 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა თავის გუნდს.
შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სხვათა შორის, “უნიკახას” რიგებში გიორგის ქულების მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა კიდევ ორ თანაგუნდელთან ერთად: ნემანია ნედოვიჩმა და რეი მაკკალუმმაც ასევე 13 ქულით დაასრულეს მატჩი.
“უნიკახამ” ევროლიგაში სამმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მალაგელები ამჟამად მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, შინ “ცრვენა ზვეზდას” დაუპირისპირდებიან.