აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რობერტ პროსინეჩკის ადგილს “ყარაბაღის” თავკაცი გურბან გურბანოვი დაიკავებს.
აზერბაიჯანული გამოცემების ცნობით, 45 წლის სპეციალისტის კანდიდატურას ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ერთხმად დაუჭირა მხარი და ის ეროვნულ გუნდში საქმიანობას ახალი წლიდან შეუდგება. როგორც "ყარაბაღის" ვებგვერდი იტყობინება, გურბანოვი პარალელურად განაგრძობს მუშაობას კლუბშიც.
რობერტ პროსინეჩკი აზერბაიჯანის ნაკრებს 2014 წლიდან თავკაცობდა, მისი კონტრაქტი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლომდე იყო ძალაში და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
რაც შეეხება გურბანოვს, მან აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში საკლუბო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია - “ყარაბაღი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. მანამდე, სამი სეზონის განმავლობაში, აგდამელებმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშეს.
ფეხბურთელობისას გურბანოვს აზერბაიჯანის ნაკრებში 65 მატჩი ჩაუტარებია და მის ანგარიშზე 14 გოლია. სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს ბაქოს “ნეფტჩიში” დაიწყო, 2008 წელს კი “ყარაბაღს” ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ოთხ-ოთხჯერ მოაგებინა აზერბაიჯანის ჩემპიონატი და თასი.