"საბურთალოს" შემტევმა გიორგი კოხრეიძემ, კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე სერბეთის "ბროდარაცთან" სტუმრად გამართული მატჩი (1:1) შეაფასა და აღნიშნა, რომ თბილისში უფრო დაძაბულ თამაშს ელის, თუმცა გუნდი ყველაფერს გააკეთებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსის გამოსაყენებლად.
გიორგი კოხრეიძე: "პირველ ტაიმში ორთაბრძოლები წავაგეთ, ბურთსაც ისე ვერ ვაკონტროლებდით, როგორც ჩვენ გვსურდა, აქედან გამომდინარე არ იყო სასურველი ტაიმი. მეორე ნახევარში შეიცვალა მდგომარეობა და დარჩენილი 45 წუთი ჩვენი უპირატესობით წარიმართა".
- რა დარიგეგბები მიიღეთ შესვენებაზე?
- უფრო მეტი აქტიურობისკენ მოგვიწოდეს მწვრთნელებმა. ბურთის სწრაფი მოძრაობა, შეტევებში მეტი აქტიურობა. ამ ყოველივემ შედეგი მეორე ნახევარში გამოიღო.
- მასპინძლები რითი გამოირჩეოდნენ?
- ათლეტურობით, ბრძოლისუნარიანობით. სერბების მატჩის რამდენიმე ვიდეო ვნახეთ და ზუსტად იმ სტილში ითამაშეს, რა ინფორმაციაც გვქონდა.
- რა განსხვავება დაინახეთ "ბურსასფორსა" და "ბროდარაცს" შორის?
- "ბურსა" დალაგებულ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, ბევრად გამოცდილი გუნდი იყო. სათამაშო კლასი თურქებს აშკარად ეტყობოდათ.
- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა გვაქვს, თუმცა თბილისური შეხვედრა უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე სერბეთში ჩატარებული. შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს და ვეცდებით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ.