ინგლისური "ლესტერის" ხელმძღვანელებს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კრეიგ შექსპირის დათხოვნის შემდეგ კლაუდიო რანიერის დაბრუნება სურდათ, მაგრამ იტალიელი სპეციალისტისგან უარი მიიღეს და ამის შემდეგ შეუთანხმდნენ კლოდ პიუელს.
რანიერი "მელიებს" 2015 წლიდან მიმდინარე წლის თებერვლამდე წვრთნიდა. გუნდი 2015-2016 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა, თუმცა მომდევნო სეზონში წარუმატებელი გამოსვლის გამო თანამდებობიდან დაითხოვეს, მისი ადგილი კი შექსპირმა დაიკავა, რომელიც მანამდე ასისტენტობას უწევდა. რანიერი ამჟამად ფრანგულ "ნანტში" მუშაობს.
რაც შეეხება ლესტერელთა ახალ მწვრთნელს, გუნდმა პიუელის ხელმძღვანელობით უკვე ჩაატარა ერთი მატჩი - პრემიერლიგის მე-10 ტურში "ევერტონს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.