ფეხბურთი

14:22 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს...

შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს – ძველი ხალხური ანდაზაა და რომ დავფიქრდეთ, სრულიად შეესაბამება რეალობას და მეტადრე, ქართულ რეალობას. ბოლო ორი კვირის მთავარი თემა და არამარტო სპორტულის, გურამ კაშიაა.

15 ოქტომბერს, კაშია მოედანზე LGBT თემის სოლიდარობის გამომხატველი კაპიტინის სამკლავურით გამოვიდა. აბა, ისე, უკვალოდ როგორ ჩაივლიდა ეს ამბავი?! – ეს საქართველოა და ამ თემაზე იმდენი აზრი არსებობს, რამდენი ადამიანიცაა. მნიშვნელობა არ აქვს, იციან თუ არა ვინაა გურამ კაშია, არც იმას აქვს მნიშვნელობა, იცის თუ არა, ფეხბურთს რამდენი კაცი თამაშობს მოედანზე...

მთავარია, რომ ამის შესახებ თავიანთი მოსაზრება გააჩნიათ – ეს ხომ საქართველოა. შინაურ მღვდელს რომ შენდობა არ აქვს, ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ აგორებული თემის შემდეგ ნათელი გახდა. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ ამბით საკუთარ ანგარიშზე ცდილობენ ქულების დაწერას. ინტერნეტსივრცეში სხვა და სხვა ვებგვერდებზე, ათასგვარი ცრუ ინფორმაციაც გავრცელდა. მაგალითად, ის, რომ მორაგბეები გამოეხმაურნენ ამ თემას და კაშიას პოზიციას არ იზიარებენ. არადა, საქმე 4 წლის წინანდელ მოვლენასთან იყო რეალურად. ასევე, წამოიწია ლევან მჭედლიძის თემა, სადაც ქართველ ფეხბურთელს მაისური აცვია წარწერით: “არასდროს”. დაიწერა, რომ ლევანმა ამით გურამს უპასუხა. არადა, რეალურად ესეც 2014 წელს გადაღებული ფოტოა. ან, თუნდაც არ იყოს 2014 წლის, როგორ აღნიშნავდა გატანილ გოლს ქართველი ფორვარდი ასე, როცა აგერ უკვე აპრილის შემდეგ არ უთამაშია და ტრავმირებულია – რას ვიზამთ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ინტერნეტი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.

შინაურ მღვდელს შენდობა მართლაც არ აქვს – შარშან, ინგლისის პრემიერლიგამ სწორედ ასეთი აქცია ჩაატარა და ვინ იცის, მაშინ რამდენი ადამიანის საყვარელმა ფეხბურთელმა თუ გუნდმა გამოუცხადა სოლიდარობა LGBT თემს, თუმცა, რა თქმა უნდა უეინ რუნი ისევ უყვართ საქართველოში, მაგრამ გურამ კაშია არა! – გურამ კაშია თურმე საქართველოს ნაკრებს არ იმსახურებს და მეტიც, თურმე არც ის ადამიანები, რომელმაც სოციალურ ქსელში თანაგუნდელს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ნიშანდობლივია, რომ თანაგუნდელ გურამ კაშიას და არა LGBT თემს...

არადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ იგივე გურამ კაშია ჩვენთვის საამაყო კაპიტანი გახლდათ. დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ ასე სწრაფად და ასე რადიკალურად, მხოლოდ საქართველოში. არადა, კაშია არ ყოფილა ერთადერთი ვისაც, 15 ოქტომბერს ეს სამკლავური ეკეთა. ეს იყო ჰოლანდიის ერედივიზიონის ოფიციალური აქცია და ჩვენებურის გარდა, მოედანზე მსგავსი კაპიტნის სამკლავურით ერედივიზიონის კიდევ 17 კაპიტანი გავიდა! უცნაურია, მაინც კაშიაზე ტყდება ჯოხი.

ისე, იშვიათია ქართველი ისეთი პოპულარული იყო “უცხო” ქალაქში, როგორც გურამ კაშია. არნემში ქართველი ფეხბურთელი ნამდვილი გმირია, ნამდვილი კაპიტანი. კაპიტანი, რომელსაც ქალაქის ნებისმიერ წერტილში სცნობენ და პატივს სცემენ. კაპიტანი, რომლის შესახებ “გელრე დომზე” სიმღერები გაჟღერებულა და კაპიტანი, რომლის ბანერები იმავე “გელრე დომზე” ყოველ მატჩზე იშლება. გურამი ის ქართველია, რომლის ბანერი არნემში საქართველოს ნაკრების მაისურში გაშლილა და გურამი ის ფეხბურთელია, რომლის გამოც შორეულ ჰოლანდიაში ტრიბუნებზე საქართველოც დროშა აფრიალებულა... გურამ კაშიას კაპიტნობით “ვიტესმა” ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და პირველი ტიტულიც მოიგო.

გურამ კაშია უკვე 6 წელია არნემში, ჰოლანდიაში საქართველოს ელჩია. ელჩი, რომელმაც თავისი სამშობლო დადებითი კუთხით გააცნო. საინტერესოა, რომ იმ ერთი გამონაკლისი გარდა, კაშია თამაშობს კაპიტნის სამკლავურით, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული – უცნაურია, მაგრამ ამის შესახებ არავინ საუბრობს და არც მანამდე აქცევდნენ ყურადღებას. თუმცა, რას ვიზამთ, ცხოვრებაშიც ასეა: ცუდი უფრო ჩანს, ვიდრე კარგი...

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმას ვიტყვით, რომ გურამ კაშია ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრებში წარუმატებელ თამაშს არასდროს გაქცევია. არასდროს დაუხევია უკან და არასდროს გაქცევია პასუხისმგებლობას.

თუმცა ჰო, ეს საქართველოა და აქ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.228078