ფეხბურთი

19:24 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა: “საბურთალო 2”-მა საწადელი თითქმის აისრულა

რეგიონული ლიგის (რანგით მეოთხე) ამბებს შეძლებისდაგვარად, პერიოდულად გაწვდით. როგორც იცით, ამ ლიგაში სამი ზონაა და 40 გუნდი გეოგრაფიული პრინციპითაა განაწილებული.

გადამწყვეტი მატჩი იყო ბ ზონაში, სადაც “საბურთალო” დუშეთის “არაგვს” მასპინძლობდა. “არაგვს” მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში რჩებოდა პირველ ადგილზე გასვლის შანსი, მაგრამ თამაში საბურთალოელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, 4:0 მოიგო რევაზ გოცირიძის გუნდმა.

დუბლი შეასრულა ბექა გვარაძემ, ერთი ბურთი გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, ხოლო ერთიც საკუთარ კარში მიითვალეს სტუმრებმა. “არაგვს” ლიგა 3-ში გადასვლის შანსი მაინც რჩება – მეორეადგილოსანს პლეი ოფში მოუწევს ჭიდილი.

ეს რაც შეეხება ბ ზონას.

აი, გ ზონაში კი დაძაბულობაა: ოთხ გუნდს აქვს შანსი და დარჩენილია მხოლოდ სამი ტური. აქ, ფაქტობრივად, ახლა იწყება ჩემპიონატი, რადგან ლიდერებს აქვთ ერთმანეთში თამაშები დარჩენილი.

პირველზე “ვარკეთილია” 49 ქულით, მეორეზე “ლოკომოტივი 2” 46 ქულით, ხოლო მესამე-მეოთხეზე “ვიტ ჯორჯია 2” და “თბილისი სიტი” არიან 43-43 ქულით.

დარჩენილია “ვარკეთილი”-“ვიტ ჯორჯია 2”, “ლოკომოტივი 2”-“თბილისი სიტი”, “ვარკეთილი”-“ლოკომოტივი 2”.

ა ზონაში, ანუ დასავლეთში, 15 გუნდია და ორი პირდაპირ გადადის. ლიდერ “ბახმაროს” 53 ქულა აქვს, “მაჭახელას” – 51, “ლესიჭინეს” – 48, “სამგურალი 2”-ს – 47, “ტორპედო 2”-ს – 45.

რეგიონულ ლიგაში გუნდებს წლიური 50 000 ლარი აქვთ დაფინანსება, ხოლო ლიგა 3-ში 250 000 ლარია. ასე რომ, სტიმული დიდია.

0.116323