საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ბრწყინვალე ფორმაშია. ლიგა ენდესაში ჩინებული მატჩის მერე ჩვენებურმა ევროლიგაშიც გამოიჩინა თავი, თუმცა რად გინდა, თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და “სასკი ბასკონია” შინ “ვალენსიასთან” უშანსოდ დამარცხდა – 63:80.
გადამწყვეტი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც ბასკებმა 15 ქულიანი სხვაობით დათმეს და მერე ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბასკონიას” მხრიდან კალათბურთს მხოლოდ შენგელია თამაშობდა. ქართველმა პარკეტზე 31:48 წუთი გაატარა და ჩინებული სტატისტიკით გამოირჩა: 22 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება. ჩვენებური თანაგუნდელებს შორის ერთადერთი იყო, რომელაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
თორნიკეს მერე, “ბასკონიას” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჯეისონ გრანგრის შედეგი აღმოჩდა – 12 ქულა და 9 მოხსნა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ორივე გუნდის რიგებში.
საერთოდაც, თორნიკემ ყველას აჯობა როგორც ქულების, ისე მოხსნების რაოდენობით. ქართველის 22 ქულას თუ მხედველობაში არ მივიღებთ, საუკეთესო შედეგი ვალენსიელი აარონ დურნეკამპის 15 ქულა იყო.
“თოკომოტივმა” 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 11 მოხსნიდან კი, ოთხჯერ მეტოქის ფარზე იყოჩაღა. მოკლედ, როგორც ხედავთ, შენგელიამ ევროლიგაში იფრინა, მაგრამ კალათბურთი გუნდური თამაშია, თანაგუნდელებმა კი, მას ვერ დაეხმარნენ.
“ბასკონია” ცუდად თამაშობს ევროლიგაზე და ჯერჯერობით სამივე თამაში წააგო. ბასკები მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად “ბამბერგთან” ჩაატარებენ.