ფეხბურთი

17:37 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი იტალიაში: ანა ფრანკის დღიურები და “ლაციოს” ტიფოზების ფაშისტური ქმედებები

რომის “ლაციოს” გულშემატკივრები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ფაშიზმისადმი დადებითი დამოკიდებულებით და “სტადიო ოლიმპიკოს” ჩრდილოეთ ტრიბუნაზეც არაერთხელ გვინახავს ფაშიზმის მხარდამჭერი სხვადასხვა სახის ბანერი.

“ბიანკოჩელესტე” ამ კუთხით სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვია. საქმე ისაა, რომ “ლაციოსა” და “კალიარის” მატჩის დასრულების შემდეგ რომაელმა ტიფოზებმა ტრიბუნებზე ანტისემიტური და ჰომოფობიური პლაკატები დატოვეს. მათ შორის, იყო ანა ფრანკის ფოტო, რომელიც “ლაციოს” მოძულე მეტოქის, “რომას” ფორმაში გახლდათ გამოწყობილი. ბუნებრივია, ამით “ლაციალეს” ქომაგებმა მინიშნება გააკეთეს ფაშიზმის მხარდასაჭერად.

მოგეხსენებათ, ანა ფრანკი იყო ებრაელი გოგონა, რომელიც მეოცე საუკუნის შუაში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩა. “ანა ფრანკის დღიურები” გახდა ბესტსელერი, რომელმაც ფარდა ახადა ფაშიზმის სისასტიკეს. ეს დღიურები მსოფლიოს მრავალ ენაზეცაა ნათარგნი.

ბუნებრივია, “ლაციოს” გულშემატკივართა ასეთი გამოხტომა, გამოხმაურების გარეშე არ ჩაივლიდა. იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელობამ ზემოხსენებული საქციელი უმალ დაგმო და მეათე ტურის ყველა შეხვედრა სიმბოლურად, ანა ფრანკის დღიურების კითხვით გაიხსნება. კერძოდ, ყოველი მატჩის წინ, გუნდის კაპიტნები და მსაჯები ანა ფრანკის დღიურებს პირდაპირ მოედანზე წაიკითხავენ.

“ლაციოს” ტიფოზების მორიგი ახირება დაგმო კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომაც – ლოტიტომ უმალვე მთელი გუნდი შეკრიბა, ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად რომის სინაგოგაში გაეშურა და ებრაელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ლოტიტოს განცხადებით მის გუნდის 200-მდე ტიფოზი ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში გაემგზავრებიან და იქ, ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან. პრეზიდენტის დროული ქმედების მიუხედავად, “ლაციო” სასჯელს ვერ ასცდება. საუბარი ფინანსურ ჯარიმაზე და გარდა ამისა, ერთი საშინაო მატჩის ჩატარება ცარიელი ტრიბუნების ფონზეც მოუწევს.

იტალიაში დაცინვის მიზეზი გახდა “ლაციოს” ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი. სერბი გამოტყდა, რომ წარმოდგენა არ აქვს თუ რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. მისი თქმით, ჟურნალ-გაზეთებს არ კითხულობს და არც ის იცის, ანა ფრანკი ვინაა...

ბოლოს, გეტყვით, რომ “ლაციოს” ტოფოზების” დაჯდუფება ოდითგან გამოირჩეოდა ფაშისტური გამოხტომებით. ეს, ხშირად ფეხბურთელებზეც გადამდები იყო. მაგალითად, 2005 წელს, პაოლო დი კანიომ “რომას” კარში გატანილი გოლი სწორედ ფაშისტურ ჟესტით აღნიშნა და ეს დიდი ხნის განმავლობაში აპენინზე განხილვის მთავარი თემა იყო. ასევე, ცნობილია, რომ ფაშისტის ფუძემდებელი ბენიტო მუსოლინი ფეხბურთის დიდი გურმანი იყო და მისი საყვარელი კლუბი სწორედ რომის “ლაციო” გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13355