იტალიური “ მილანის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ “ჯენოასთან” მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. 30 წლის მოთამაშის თქმით, მას მეტოქისთვის ხელი განზრახ არ ჩაურტყამს.
აღნიშნულ ეპიზოდში უხეშობის გამო ბონუჩიმ წითელი ბარათი მიიღო, სერია ა-ს სადისციპლინო კომიტეტმა კი მომხდარი განიხილა და ფეხბურთელი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
“ვწუხვარ, ასე რომ მოხდა. ვცდილობდი როსი ამეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა და ბოდიშს ვუხდი მას. მისთვის განზრახ არ ჩამირტყამს.
სამწუხაროა, რომ “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაშის გამოტოვება მიწევს. ყველაფერი ბედია. ვაგრძელებ მუშაობას. ვცდილობ, ოპტიმალურ ფორმაში ვიყო დისკვალიფიკაციის მოხდის შემდგომ”, - განაცხადა ბონუჩიმ Sport Mediaset-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ “როსონერისა” და “ჯენოას” დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.