ლა ლიგის მე-9 ტურის მეორე სათამაშო დღეს სამმა კასტილიურმა კლუბმა ითამაშა და სამივემ გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ეიბარს” დაუხვდა და ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. მასპინძლებმა ფაქტობრივად ყველაფერი საწყის 30 წუთში გადაწყვიტეს: მე-18 წუთზე პაულო ოლივეირამ თავური დარტყმით ავტოგოლი გაიტანა, ხოლო ათ წუთში მარკო ასენსიომ ერთი შეხებით უნაკლოდ გაისროლა და დიმიტროვიჩი გააშეშა. მადრიდელებმა მესამე გოლი შეხვედრის მიწურულს 82-ე წუთზე გაიტანეს: ბენზემას და მარსელოს კომბინაცია ამ უკანასკნელის შედეგიანი დარტყმით დასრულდა – 3:0.
იმარჯვა მეორე მადრიდულმა კლუბმაც, თუმცა “ატლეტიკოს” ამის გაკეთება გაცილებით გაუჭირდა. დიეგო სიმეონეს გუნდი მიმდინარე სეზონში მთლად დამაჯერებლად ვერ თამაშობს და ეს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე ითქმის, სადაც “როხიბლანკომ” ბაქოში “ყარაბახს” ვერ მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან გაირთულა. მადრიდელებს ლა ლიგაში ჯერ არ წაუგიათ, თუმცა გაუთვალისწინებელი ქულები არაერთხელ დაკარგეს და კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა ნამდვილად აღარ აწყობდათ. თამაშის მხრივ “ატლეტიკომ” მეტოქეს ვერ აჯობა, პირიქით, საკუთარ მოედანზე მოთამაშე “სელტა” აშკარა სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტოქე თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა. გალისიელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს: იაგო ასპასმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ხელსაყრელი მომენტი გაატანა ქარს მაქსიმილიან გომესმა, ხოლო რამდენიმე ეპიზოდში იან ობლაკი გაისარჯა დიდებულად და საკუთარი გუნდი აშკარა გაშვებული გოლისგან იხსნა. სამაგიეროდ, 28-ე წუთზე მცველების უყურადღებობით კარგად ისარგებლა კევინ გამეირომ, ახლო მანძილიდან შეაგდო და როგორც შემდგომში გაირკვა, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 0:1.
რაც შეეხება მესამე კასტილიურ კლუბს, “ლეგანესმა” საკუთარ მოედანზე ბივუს გოლით “ბილბაოს” აჯობა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა. საოცარია, მაგრამ ამ პატარა კლუბს მე-9 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ბურთი აქვს გაშვებული. ასიერ გარიტანოს შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მშრალი შეხვედრა ჩაატარეს და უკანასკნელად ბურთი 15 სექტემბერს მიიღეს, როდესაც “იპარუაზე” “ეიბართან” დამარცხდნენ (0:1).
მანოლო მარკესის ხელმძღვანელობით “ლას პალმასს” ცუდი სტარტი გამოუვიდა, რასაც 49 წლის სპეციალისტის დათხოვნა და მისი პაკო აიესტარანით ჩანაცვლება მოჰყვა. “ვალენსიას” ყოფილი მწვრთნელის ხელში კი, კანარელები მთლად კატასტროფულად თამაშობენ და სამ მატჩში ქულა ვერ აიღეს: გაუშვეს 12 გოლი და გაიტანეს მხოლოდ 2. “ლას პალმასი” გასვლაზე “ვილიარეალს” ეთამაშა. შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს – 4:0.
რეალი – ეიბარი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ოლივეირა (18 ს.კ.), 2:0 ასენსიო (28), 3:0 მარსელო (82)
სელტა – ატლეტიკო 0:1 (0:1)
გოლი: გამეირო (28)
ვილიარეალი – ლას პალმასი 4:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბაკამბუ (48), 2:0 გასპარი (65), 3:0 ხ.ნავარო (67 ს.კ.), 4:0 სანსონე (93)
ლეგანესი – ბილბაო 1:0 (0:0)
გოლი: ბივუ (54)