იტალიური "მილანის" კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა ყოფილი კლუბის, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. საქმე ისაა, რომ 30 წლის მცველი დღეს, "მილანისა" და "ჯენოას" (0:0) მატჩში გააძევეს და დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს. მართალია, "მილანი" მომდევნო მატჩს არა "იუვესთან", არამედ "კიევოსთან" ჩაატარებს, მაგრამ იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ლეონარდოს ერთ შეხვედრაზე მეტის გამოტოვება მოუწევს.
ბონუჩი "ჯენოას" მცველ ალეანდრო როზის გადამეტებულად ეუხეშა, სახეში იდაყვი უთავაზა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. ასეთი დარღვევებისთვის კი, როგორც წესი, ფეხბურთელებს მკაცრად, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით სჯიან. აღსანიშნავია, რომ "როსონერის" კაპიტანი ვიდეო გამეორების შედეგად გააძევეს - და, ისე გამოვიდა, რომ იტალიის სერია A-ში წითელი ბარათის ჩვენება ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად პირველად მოხდა.
ახლა, ცნობილია, რომ ბონუჩი "კიევოსთან" ვერ ითამაშებს. ეს მატჩი, 25 ოქტომბერს გაიმართება. 28 ოქტომბერს კი, "როსონერი" "სან სიროზე" "იუვენტუსს" დაუხვდება. თუ სადისციპლინო კომიტეტი ლეონარდოს მკაცრ სასჯელს დაუმტიცებს, მაშინ "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა.
შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი "მილანს" გასულ ზაფხულს სწორედ "იუვენტუსიდან" შეუერთდა და ეს ტრანსფერი არამარტო იტალიური, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კარგა ხანს იყო მოქცეული.