ფეხბურთი

2:30 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილიას” კოშმარი “მესტალიაზე” გაგრძელდა

შესანიშნავ ფორმაშია “ვალენსია”. მარსელინიო ტორალმა არეული გუნდის დალაგება უმოკლეს დროში მოახერხა და მიმდინარე სეზონში “ღამურები” ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში “ლოს ჩე” “მესტალიაზე” პრინციპულ მეტოქეს “სევილიას” დაუხვდა და შავი დღე აყარა.

“დალაქებს” საშინელი კვირა ჰქონდათ, ჯერ “ბილბაოსთან” წააგეს (0:1), ხოლო შემდეგ მოსკოვში “სპარტაკთან” შერცხვნენ (1:5) და საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციის მოხდენა მართებდათ, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და ანდალუსიელები დიდი ანგარიშით კიდევ ერთხელ დამარცხდნენ.

“ღამურებს” უკანასკნელ ოთხ მატჩში 17 გოლი ჰქონდათ გატანილი, ანუ საშუალოდ ოთხ გოლზე მეტი გაჰქონდათ და ეს სტატისტიკა ამჯერადაც არ გააფუჭეს. საწყისი წუთები შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა ნელ-ნელა მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმის ბოლოს გონსალო გუედეშმა ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა: პორტუგალიელი შემტევი ცრუ მოძრაობებით ორ მოთამაშეს გაუსწორდა და უძლიერესი დარტყმით სერხიო რიკო უშანსოდ დატოვა.

“ვალენსიამ” მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და 51-ე წუთზე თავის გამოჩენა ლა ლიგის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშემ სიმონე ძაძამ მოახერხა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა, ხოლო მთლიანობაში უკვე რვა გოლი დაუგროვდა. მალევე როდრიგოს მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან სერხიო რიკოს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, 85-ე წუთზე ივარგა შეცვლაზე შემოსულმა სანტი მინამ. მან გუედეშის გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან შეაგდო, 92-ე წუთზე კი ჟოფრი კონდგობიას მშვენიერი გადაცემით გუედეში მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, რიკოს ბურთი თავზე ოსტატურად გადაუგდო და ტაბლოზე “სევილიასთვის” დამამცირებელი ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

“ვალენსია” 21 ქულით მე-2 ადგილზეა და “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება, რომელმაც “ნოუ კამპზე” ბოლო ადგილოსანი “მალაგა” მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “ბლაუგრანას” განსაკუთრებული თამაში ნამდვილად არ უჩვენებია და აუტსაიდერთან ბევრად კარგი თამაში მოეთხოვება. პირველი გოლი, რომელიც მე-2 წუთზე ჟერარ დეულოფეუმ გაიტანა, ჩასათვლელი არ იყო, რადგან ლუკას დინიეს ბურთი გაექცა და გადაცემა მაშინ გააკეთა, როდესაც ბურთი გადასული იყო. მეორე გოლი კი 56-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ გაიტანა - ვეტერანმა ფეხბურთელმა ლიონელ მესის კარგი გადაცემა დაუფასა და პრიეტოს შორეულ კუთხეში გაუტანა – 2:0.

კიკე სეტიენის გაწვრთნილმა “ბეტისმა” შინ “ალავესი” მიიღო და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მე-13 წუთზე ანტონიო სანაბრიამ გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე ალექსისმა ავტოგოლი გაიტანა და ანდალუსიელებმა 2:0 იმარჯვეს.

რაც შეეხება “ლევანტეს” და “ხეტაფეს” დაპირისპირებას, “სიუდად დე ვალენსიაზე” გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ლევანტე – ხეტაფე 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ფაჟრი (59), 1:1 მორალესი (62)

ბეტისი – ალავესი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სანაბრია (13), 2:0 ალექსისი (75 ს.კ.)

ბარსელონა – მალაგა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დეულოფეუ (2), 2:0 ინიესტა (56)

ვალენსია – სევილია 4:0 (1:0)

გოლები: 1:0, 4:0 გუედეში (43; 92), 2:0 ძაძა (51), 3:0 მინა (85)

თეგებილა ლიგა
0.117049